აფეთქება დიდ დიღომში

გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

"112-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები" - აცხადებს შსს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის დიდი დიღმის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. 

კომენტარები