აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, გამგეობის საუბნო განყოფილების "ცხელი ხაზი" ამოქმედდა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31, დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის N10. "ცხელ ხაზზე" ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

დედაქალაქის მერია აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ მაქსიმალურ ყურადღებას გამოიჩენს და მათ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მაცხოვრებლის თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით,  კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. 

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. 

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები