აფეთქება დიდ დიღომში

საია დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. 

"საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას",- აცხადებენ ორგანიზაციაში. 

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ მეზობლების თქმით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები