Human Rights Watch-ის ანგარიში 2018

არჩევნები, მედია, ლგბტ უფლებები - Human Rights Watch-ის ანგარიშში ხაზგასმული პრობლემები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 

საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაცია ყურადღებას რამდენიმე საკითხზე ამახვილებს: 

საპრეზიდენტო არჩევნებზე, პოლიციის მხრიდან ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, ნარკოპოლიტიკაზე, შრომის, ლგბტ ადამიანების უფლებებზე, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებაზე, ასევე საუბრობს საერთაშორისო აქტორებზე

ანგარიშში წერია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით წარსულში არსებული და მიმდინარე პრობლემები პოლიტიკური დებატების წინა ხაზზე წამოწია. 

ასევე, Human Rights Watch აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, შეექმნა სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების მექანიზმი, მაგრამ მას სრული დამოუკიდებლობა არ მიანიჭა. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნარკოპოლიტიკა მკაცრია, პრობლემურია საუფრთხოება სამუშაო ადგილებზე და შრომის კანონმდებლობა, ასევე, არის დისკრიმინაცია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, მედიის პლურალიზმს კი საფრთხე ემუქრება. 

Human Rights Watch წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც საქართველოში პირდაპირი წესით ბოლოჯერ ჩატარდა, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის კონკურენციით წარიმართა. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების მიხედვით, "კანდიდატებს კამპანიის ჩატარება მშვიდად შეეძლოთ და ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, თავიანთი არჩევანი გაეკეთებინათ", მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მმართველმა გუნდმა ბოროტად გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. 

ორგანიზაციის მიერ ანგარიშის მომზადებისას საპრეზიდენენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარებული ჯერაც არ იყო. 

კომენტარები