Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW-ის ანგარიში: სამართალდამცველების დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება

ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა. მათ შორის, ერთერთი ნაწილი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევაში არასათანადო გამოძიებასა და მათ დაუსჯელობასა ან არასათანადო დასჯას ეხება. 

ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დაუსჯელობა მუდმივ პრობლემად რჩება. 

"სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების დაუსჯელობა კვლავაც პრობლემად რჩება. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გამოძიება საერთოდ დაიწყება, ის ხშირად არასათანადო, საჭიროზე ნაკლები სანქციებით მთავრდება. შესაბამისი უწყებები დაზარალებულებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე და ართმევდნენ მათ საგამოძიებო მასალების გაცნობის შესაძლებლობასაც," - წერია ანგარიშში. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2018 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველს 149 საჩივარი ჰქონდა მიღებული, რომელიც ციხის პერსონალის ან პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას შეეხებოდა. 

"ომბუდსმენის ოფისმა პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით 8 საქმეს უშუამდგომლა, თუმცა არცერთი მათგანი კრიმინალურ წარმოებაში არ წარმოდგენილა,"- წერს ორგანიზაცია. 

Human Rights Watch ასევე პარლამენტის მიერ ივლისში მიღებულ ახალ კანონზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის დამოუკიდებელი ორგანო უნდა შეიქმნას. ორგანიზაციის შეფასებით, ის უფლებები, რაც პროკურორს ენიჭება ამ ორგანოს მუშაობის ნაწილში, მისი დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვებს ბადებს. 

"კანონის მიხედვით, პროკურორს ამ ორგანოს მუშაობაში სამეთვალყურეო როლი ენიჭება, მათ შორის, პროკურორს უფლება ექნება, რომ საგამოძიებო პროცედურების მიმდინარეობისას გასცეს სავალდებულო მითითებები ან შეცვალოს საგამოძიებო გადაწყვეტილებები, რაც ორგანოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს,"- წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე საუბარია ხორავას ქუჩის საქმეზეც და პროტესტის იმ ტალღაზე, რომელიც საქმის გამოუძიებლობას და მაისში მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას მოყვა. 

"მსხვერპლების ოჯახები ირწმუნებიან, რომ პროკურატურამ განზრახ დაფარა ან გააყალბა მტკიცებულებები. პროტესტების ტალღამ მთავარი პროკურორის გადაყენება და დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო ორგანოს შექმნა გამოიწვია, რომელშიც უმრავლესობას ოპოზიციური დეპუტატები წარმოადგენდნენ. 

სექტემბერში კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც გარჩევაში მონაწილე ორ პირთან არის დაკავშირებული, დანაშაულის დეტალების დაფარვაში მიიღო მონაწილეობა. კომისიის მმართველი პარტიის წევრებმა კი, განაცხადეს, რომ საგამოძიებო ხარვეზები არის არა ინდივიდუალური პრობლემა, არამედ "საგამოძიებო სისტემის საერთო ხარვეზიანობის" ბრალი. ზაზა სარალიძემ, რომელიც ერთერთი მსხვერპლის მამაა, მმართველი პარტიის დასკვნა გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არის იმ პირების დაცვის მცდელობა, რომლებმაც საგამოძიებო დოკუმენტები გააყალბეს. საჯარო პროტესტი განახლდა. სამართალდამცავებმა სარალიძე ოქტომბერში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, როდესაც პოლიციელი სარალიძეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლის უფლებას არ აძლევდა. გირაოთი გამოშვებულ სარალიძეს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა," - წერს Human Rights Watch. 

საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის დეკემბერში პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმელმა საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრა. ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს მსხვერპლის სტატუსი არ მიენიჭათ და მათ საგამოძიებო მასალებთან წვდომა ნაწილობრივ მიეცათ. 

ანგარიშში, ასევე, საუბარია 2018 წლის მაისში თბილისში მდებარე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც და სპონტანური პროტესტის 3-დღიან ტალღაზეც, რომლის დროსაც პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტები "ორმა წამყვანმა უფლებადამცველმა ჯგუფმა, საია-მ და EMC-მ" ერთ დოკუმენტად შეაგროვეს.  

"აღსანიშნავია ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ოჯახში ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების და ბავშვთა მიერ ან ბავშვთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას გააკონტროლებს,"- წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები