აფეთქება დიდ დიღომში

სამშენებლო კომპანიის ადვოკატი: ყაზტრანსგაზი ცდილობს, აფეთქებაში თავისი როლი გამორიცხოს

პირველი არხი

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჭანტურია სამართალდამცველებმა ორჯერ დაკითხეს. მისი ადვოკატის ლექსო კობაიძის თქმით, ჭანტურია გამოძიებასთან თანამშრომლობს.

"ყაზტრანსგაზი ცდილობს, ამ დანაშაულებრივ ფაქტში ყოველგვარი როლი გამორიცხოს თავისი ბრალეულობის კუთხით, ჩვენ ვაპირებთ, რომ სარჩელი შევიტანოთ მათ წინააღმდეგ" - ამბობს კობაიძე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" წარმომადგენლის გრიგოლ ჭანტურიას მტკიცებით, მან გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია "ყაზტრანს გაზს" პირადად მიაწოდა. სწორედ "ელ ჯგუფმა" ააშენა ის კორპუსი, რომელიც გუშინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა.

"გაზის სუნი არისო, აიღეს, დარეკეს. ბიჭებმა მითხრეს, დარეკილი გვაქვს გაზკანტორაშიო. შემდგომ ავიღე, მე ავკრიფე ნომერი, პირადად მივაწოდე ინფორმაცია, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი - "საზარელი სუნი დგას სადარბაზოში და გთხოვთ, მობრძანდით". - კი ბატონო, მოვალთო. 40 წუთში მოვიდნენ, შევიდნენ და არანაირი საფრთხე არ არისო" - ამბობს ჭანტურია.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები