სპეცოპერაცია ღამის კლუბებში

თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს 7 და 8 წლით პატიმრობა მიესაჯათ

ღამის კლუბებში ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ თ.ჩ.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს შემცველი ტაბლეტები, საიდანაც ნაწილი 2018 წლის 28 აპრილს, თბილისში, ღამის კლუბ "ბასიანის“ შესასვლელთან უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე, ხოლო ნაწილი ასევე უკანონოდ, იმავე მოქალაქეს დიღმის მასივის ტერიტორიაზე მიყიდა. თ.ჩ. ქ.თბილისში, 2018 წლის 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ქვეპუნქტით და ორ ეპიზოდში 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ჩ-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"რაც შეეხება მსჯავრდებულ გ.მ.- ს ბრალდების საქმეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მან უკანონოდ შეძენილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი ტაბლეტები 2018 წლის 5 მაისს, თბილისში მდებარე ღამის კლუბში „მტკვარზე“ უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. სამართალდამცველებმა გ.მ. 12 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა. სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა" - აცხადებს პროკურატურა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 მაისს ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა ბასიანსა და გალერიში მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს, მოგვიანებით კი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად შეკრებილი ადამიანები დაარბიეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს სპეცოპერაცია იყო, რომელიც მათ 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად ჩაატარეს. მოგვიანებით სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეს ადამიანები არა კლუბის ტერიტორიაზე, არამედ გარეთ დააკავეს. შს მინისტრის განცხადებით, მათი მიზანი იყო, რომ ნარკორეალიზატორები კლუბებს გარეთ დაეკავებინათ, თუმცა - "ერთმა შეგვასწრო".

სპეცოპერაციის შემდეგ დროებით დაიხურა ორივე კლუბი.

კომენტარები