ევროპული საქართველო

ბოკერია: ანა დოლიძემ ჩემი პოზიცია ნულოვან ტოლერანტობაზე აშკარად ვერ გაიგო

საქართველოს პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ანა დოლიძეს, უპასუხა. დოლიძემ ბოკერია გადაცემა 360 გრადუსში გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა, სადაც დეპუტატმა თქვა, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სწორია. 

ბოკერიას თქმით, ანა დოლიძემ მისი პოზიცია აშკარად ვერ გაიგო ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატაზე გააკეთა კომენტარი. 

"მე გუშინ მათ შორის წარსულს ვაკრიტიკებდი - ხელისუფლება, რომლის წევრიც მე ვიყავი, რეალურად ებრძოდა კრიმინალს, მაგრამ არ იყო გაკონტროლებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ; ეს სერიოზული პრობლემა იყო. წარსულის არანაირ ნოსტალგიაზე საუბარი არ ყოფილა. დღეს პრობლემა ისაა, რომ არც დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, კორუფცია იზრდება და არც კრიმინალთან მიდის რეალური ბრძოლა. მომავალმა ხელისუფლებამ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს დღევანდელი ვითარება და ჩვენი წარსულის ჩავარდნებიც გაითვალისწინოს. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ძლიერი ხელისუფლება თავად იქცევა საფრთხედ მოქალაქეებისათვის. ასე რომ, კარგი იქნებოდა, ანა დოლიძე წესიერად გაცნობოდა ჩემს მოსაზრებას, სანამ მსგავს კომენტარს გააკეთებდა,"- ამბობს ბოკერია. 

პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა 360 გრადუსში ბოკერიას სხვა საკითხებთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ნულოვანი ტოლერანტობის პრაქტიკაზეც კითხეს, რაზეც ბოკერიამ თქვა, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სწორია, თუმცა ამისთვის დამოუკიდებელი სასამართლოა საჭირო. 

"ნულოვანი ტოლერანტობა სწორი იყო, სასამართლოს სისუსტე იყო არასწორი. ნულოვანი ტოლერანტობის მომხრე ახლაც ვარ. იმისათვის, რომ განისაზღვროს, ვინ არის კრიმინალი და ვინ - არა, ამისთვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო. პროკურატურას, თუ ის სწორად მუშაობს, ყველა ქვეყანაში აქვს ამოცანა, რომ ეჭვის შემთხვევაში პირი დასაჯოს. ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ არის სწორი პოლიტიკა და ამან გამოიყვანა ქვეყანა იმ ჭაობიდან, რაშიც იყო. თუმცა, თუ არ გაქვს სასამართლო, რომელიც ამას ფილტრავს, მაშინ იღებ ისეთ შედეგს,"- თქვა ბოკერიამ. 

იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ბოკერიას ეს განცხადება გააკრიტიკა და თქვა, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ ამ 7 წელში "ბოკერია გაიზრდებოდა", თუმცა, მისი თქმით, "მსგავსი არაფერი მომხდარა". 

"ნულოვანი ტოლერანტობა არ მუშაობს არც თეორიაში და არც პრაქტიკაში. ის, რომ "ქართული ოცნება" უნიათოა, არ ნიშნავს, რომ უნდა დავუბრუნდეთ იმ რეჟიმს, რომელმაც ათასობით ადამიანი დააზარალა. ჩვენ ვიცით ნულოვანმა ტოლერანტობამ რა ფსიქოლოგიური ტრავმები და დაავადებები მოუტანა ადამიანებს და რამდენი ოჯახის ცხოვრება დაანგრია. მე მეგონა, რომ გიგა ბოკერიამ ამ ყველაფრიდან გამოიტანა რაიმე დასკვნა, ან რამეს გაეცნო, ან პრაქტიკაში დაინახა, რა შედეგებსაც დღეს ვიმკით. "ქართული ოცნების" უნიათობა არ ნიშნავს, რომ მტვერდადებული და წარუმატებელი იდეები უნდა გავაცოცხლოთ წარსულიდან,"- თქვა დოლიძემ აიპიენთან. 

კომენტარები