ბრექსითი

ცნობილი გერმანელები ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

BBC

Times-ში გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს არაერთი ცნობილი გერმანელი აწერს. წერილში ისინი დიდ ბრიტანეთს სთხოვენ არ დატოვოს ევროკავშირი.

ხელმომწერებს შორის არიან მერკელის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის ახალი ლიდერი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი, საფეხბურთო კლუბ "არსენალის" ყოფილი მეკარე იენს ლემანი, Airbus-ის აღმასრულებელი დირექორი ტომას ენდერსი, მომღერალი კამპინო და სხვები.

"თქვენი დიდებული ერის გარეშე ეს კონტინენტი ის არ იქნებოდა, რაც დღეს არის... მეორე მსოფლიო ომის საშინელებების შემდეგ ბრიტანეთს ჩვენზე ხელი არ აუღია. მან გერმანია მიიღო როგორც სუვერენული სახელმწიფო და ევროპული ძალა. ეს ჩვენ, როგორც გერმანელებს, არ დაგვიწყებია და მადლიერები ვართ." ნათქვამია წერილში.

იქ ასევე აღნიშნულია, რომ ხელმომწერები პატივს სცემენ ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას ევროკავშირის დატოვების თაობაზე და თუ ქვეყანას სურს გასვლა, მას მაინც ეყოლება მეგობრები გერმანიაში და ევროპაში. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია და მათი კარი მუდამ ღია იქნება ამისათვის.

"ბრიტანეთი გახდა იმის ნაწილი, რასაც ჩვენ, როგორც ევროპელები წარმოვადგენთ და ამიტომ ბრიტანეთი დაგვაკლდება. დაგვაკლდება ლეგენდარული ბრიტანული შავი იუმორი და სამსახურის შემდეგ პაბში ლუდის დალევა. დაგვაკლდება რძიანი ჩაი და გზის მარცხენა მხარეს მოძრაობა. დაგვაკლდება პანტომიმის ნახვა შობას. მაგრამ ყველაზე მეტად ბრიტანელი ხალხი დაგვაკლდება - ჩვენი მეგობრები სრუტის გაღმა. ამიტომ, ბრიტანელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მთელი გულით გვსურს მათი დარჩენა."

შეგახსენებთ, რომ ტერეზა მეის მიერ წარდგენილ ბრექსიტის შეთანხმებას, ქვეყნის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. გეგმის წინააღმდეგ ხმა 432-მა წევრმა მისცა, ხოლო მომხრე მხოლოდ 202 იყო. გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში მოქმედი მთავრობისთვის ეს ყველაზე დიდი მარცხია.

ამის შემდეგ ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა ტერეზა მეისათვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრა მოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის მთავრობამ პარლამენტში უნდობლობა დაძლია. მთავრობას მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო უნდობლობა 306-მა გამოუცხადა.

ტერეზა მეიმ პირობა დადო, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად იმუშავებს იმისათვის, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე არ დატოვოს და ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება არ გახდეს საჭირო. ამჟამად ის პარლამენტში შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ევროკავშირის წარმომადგენლები ბრექსითის 2020 წლამდე გადადების შესაძლებლობას განიხილავენ. გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებისათვის ბრექსითის ვადის, რომელიც ამჟამად 2019 წლის 29 მარტითაა განსაზღვრული, გადაწევის თაობაზე.

კომენტარები