ყაზტრანსგაზ თბილისი

ყაზტრანსგაზი: გეთიას ქუჩაზე გამაცხელებელი დამონტაჟებული იყო ნორმების დარღვევით

გეთიას ქუჩაზე ხანძრის შესახებ ყაზტრანსგაზ-თბილისი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ წყლის გამაცხელებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. მათივე ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დასტურდება.

"სწრაფი რეაგირების ჯგუფი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. აბონენტის განცხადებით, წყლის მიწოდება იყო შეწყვეტილი. წყლის მიწოდების აღდგენის შედეგად ჩაირთო ეზოში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი, რომელიც გადახურდა და გაუჩნდა ცეცხლი. წყალგამაცხელებელი დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით. აფეთქება არ დასტურდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ საკუთარ ფართებში დამონტაჟებულ წყლის გამაცხელებლებსა და გაზის გამათბობლებს. გაზის ქსელის შემოწმების მიზნით დარეკეთ სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე: 114. უფასო მომსახურება ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი გეთიას ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. დაიწვა დამხმარე ნაგებობა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

"რომ გამოვედი, ცეცხლი ეკიდა უკვე, "კალონკა" ჩაირთო თვითონ, ოდნავ იყო დატოვებული იყო ონკანი ღია. ხანძარი გაჩნდა... ბავშვები გამოვიყვანე სახლიდან, არავინ დაშავებულა,“ - ამბობს დაზარალებული ემზარ დავითაშვილი "კურიერთან საუბარში".

კომენტარები