ლინგვისტიკა

რომელია საუკეთესო ასაკი ახალი ენის სასწავლად?

არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ ზრდასრულობაში ახალი ენის დასწავლა უფრო რთულია, ვიდრე ბავშვობის ასაკში, რამაც კოგნიტური მეცნიერები იმ შეხედულებამდე მიიყვანა, რომ არსებობს ენის დასწავლის კრიტიკული პერიოდი - ორგანიზმის განვითარების სტადია, რომლის განმავლობაში ორგანიზმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარკვეული სტიმულის მიმართ. თუმცა, ამ პერიოდის ხანგრძლივობა ამ დრომდე ბუნდოვანი იყო. 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ეს პერიოდი 17-18 წლამდე გრძელდება. თუმცა, კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ თითქმის შეუძლებელია მიაღწიო ენის ცოდნის ისეთ ხარისხს, რომელიც იმ ადამიანებს აქვთ, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია, თუ სწავლა 10 წლის ასაკისთვის არ დაგიწყიათ. 

"თუ თქვენ გსურთ ინგლისური გრამატიკის ისეთი ცოდნა, რომელიც იმ ადამიანებს აქვთ, ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, სწავლა დაახლოებით 10 წლის ასაკში უნდა დაიწყოთ. არ არის დიდი განსხვავება იმ ადამიანებს შორის, რომელიც ინგლისურის სწავლა დაბადებიდან დაიწყეს და მათ შორის, ვინც 10 წლის ასაკში იწყებს. მაგრამ ამ ასაკის შემდეგ ენის ათვისების უნარი დაქვეითებას იწყებს." - ამბობს კვლევის ავტორი, ფსიქოლოგიის პროფესორი ჯოშუა ჰარტშორნი. 

ადამიანები, რომლებიც ენის სწავლას 10-18 წლის ასაკში იწყებენ სწრაფად აითვისებენ ენას, მაგრამ, ვინაიდან დასწავლის უნარის დაქვეითებამდე უფრო მცირე დრო აქვთ დარჩენილი , ვერ აღწევენ ცოდნის იმ დონეს, რომელიც მათ აქვთ, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. 

კვლევის მიგნებები ემყარება 670 000 ადამიანზე ჩატარებული გრამატიკული ტესტის შედეგების ანალიზს, რომელიც ენის დასწავლის შესახებ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევაა.

მკვლევრებმა ვერ დაადგინეს რა იწვევს 18 წლის ასაკისთვის კრიტიკული პერიოდის დასრულებას, თუმცა, ვარაუდობენ რომ ეს ტვინის პლასტიკურობის  უნარის დაქვეითების და და კულტურული ფაქტორების შედეგია. 

"შესაძლებელია, რომ ეს ბიოლოგიური ცვლილებების შედეგი იყოს. ასევე შესაძლებელია, რომ მიზეზები კულტურული და სოციალური იყოს. 18 წლის შემდეგ ადამიანები ხშირად ტოვებენ სახლს, სრულ განაკვეთზე მუშაობენ, უნივერსიტეტში კონკრეტული მიმართულებით სპეციალიზდებიან. ამ ყველაფერს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ენის დასწავლის უნარზე."- ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კოგნიტური ნეირომეცნიერების პროფესორი ჯოშ ტენენბაუმი.

კომენტარები