სალომე ზურაბიშვილი

ფიქრნი "ორბელიანის" სასახლის პირას

11 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ბრიფინგი გამართა. მასზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, ბევრი ობიექტური და ბევრიც სუბიექტური კრიტიკა და მოწონებაც იყო. თუმცა, მგონია, რომ ის მაინც იმსახურებს ყურადღებას და ანალიზს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის საუბარმა ჟურნალისტებთან მთელი სიცხადითა და ტრაგიკულობით დაგვანახა, თუ სად არის დღეს ქართული ჟურნალისტიკა (მცირე გამონაკლისების გარდა). მოხერხება უნდა იმას, რომ დასმული კითხვების ფონზე პრეზიდენტი უფრო კომპეტენტური და ნაკლებად ქედმაღალი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეში არის.

"კლარინეტის" სწორად წარმოთქმა, საკუთარი ანაზღაურების ჯერარშექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხვა, პრეზიდენტის უფლებამოსილების მიღმა დასმულ კითხვებზე პასუხის არგაცემა და სხვა ეპიზოდები, რაც უსაფუძვლო ქილიკის საბაბი გახდა, სინამდვილეში კრიტიკას არ იმსახურებს და უფრო მოწონების ღირსია. უკეთესი იქნებოდა, თუ უმნიშვნელოს ან მეორეხარისხოვანს მნიშვნელოვანისგან გავარჩევდით და მასზე მოვახდენდით ფოკუსირებას. არადა პრეზიდენმა ისაუბრა რამდენიმე ისე საკითხზე, რაზეც დაფიქრება, შეწუხება და შეშფოთებაც შეიძლება გვმართებს.

ცილისწამების კრიმინალიზაცია

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით მას არ გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ შეუძლია „მორალური ინიციატივა“ ჰქონდეს, რომელიმე „თემა აწიოს“ და სურს, ცილისწამების წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე დისკუსია დაიწყოს „საზოგადოებასთან, არასამთავროებთან“ და პარლამენტთან. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საფრანგეთმაც მიიღო ასეთი კანონმდებლობა. სალომე ზურაბიშვილმა იქვე განაცხადა, რომ აცნობიერებს ცილისწამების შესახებ კანონსა და სიტყვის თავისუფლებას შორის კოლიზიას. უცნაურია ამ წინანდადების მოსმენა იმ ქვეყნის დიპლომატისგან, სადაც „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ 1789 წელს მიიღეს და სადაც ეს დოკუმენტი დღემდე რჩება საფრანგეთის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლად.

ქალბატონ პრეზიდენტს შეუძლებელია არ ესმოდეს „დაპირისპირება“, როგორც მან უწოდა, ცილისწამების კრიმინალიზაციასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. შეუძლებელია მან არ იცოდეს, იმ ლეგალური დავებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც აღნიშნულ საკითხზე უხვად მოიპოვება დემოკრატიული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაში. იმავე საფრანგეთში თუ რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ მისი ღირსება და პატივი შეილახა, ამისთვის არსებობს სასამართლო და ის მიმართავს სასამართლოს შელახული ღირსების დასაცავად. იქნებ ქალბატონი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს სასამართლოსთვის მიმართვა არ ღირს, რადგან საქართველოში მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობს და, შესაბამისად, ვერც ღირსებაშელახული დაიცავს თავის უფლებებს. თუ ის ასე თვლის, მაშინ თავი არ უნდა აერიდებინა სასამართლოზე დასმულ კითხვებისთვის და, როგორც კონსტიტუციის და სახელმწიფოში მართლწესრიგის გარანტს, მეტი უნდა ესაუბრა მართლმსაჯულების პრობლემებზეც.

ქალბატონმა პრეზიდენტმა მაგალითად საფრანგეთი მოიყვანა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ის ან არასწორად არის ინფორმირებული, ან არასწორი არგუმენტით ცდილობს საკუთარი პოზიციის გამყარებას, ან საერთოდ არ ესმის, სად გადის ზღვარი ცილისწამებას, ყალბ ნიუსსა და რუსულ პროპაგანდას შორის. საფრანგეთმა მართლაც მიიღო კანონი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჭორებისა და ყალბი ახალი ამბების გავრცელების აღკვეთას ისახავს მიზნად. კანონის მიხედვით, პარტიებს და კანდიდატებს დაჩქარებული წესით შეეძლებათ წინასაარჩვენო პერიოდში გავრცელებული ყალბი ახალი ამბების გასაჩივრება, ხოლო სოციალურ ქსელებს ეკისრებათ ვალდებულება, გასცენ ინფორმაცია ფასიანი კონტენტის დამკვეთების შესახებ. პრეზიდენტ მაკრონის ეს ინიციატივა განაპირობა, ყალბი ინფორმაციის გავრცელების და ცილისწამების კამპანიის გზით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის უხეშმა ჩარევამ. თუმცა, ახალი კანონიც მკაცრად გააკრიტიკეს ჟურნალისტებმა და მაკრონს ცენზურის დაწესებასა და მედიის შეზღუდვაში დადეს ბრალი.

თუ ქალბატონი პრეზიდენტი რუსული პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის და ტროლების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივით გამოდის, მაშინ მის მხარდამჭერებში იმ ადამიანებს არ უნდა ვხედავდეთ, ვინც არა ფარული, არამედ კრემლის და მისი აგრესიული პოლიტიკის ღია რუპორები არიან საქართველოში.

როგორც ჩანს, ქალბატონმა პრეზიდენტმა ის ესტაფეტა გადაიბარა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიწყო. სეკულარული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში თავს იწონებდა სეკულარულ საფრანგეთთან საკუთარი კავშირით, ვალის ამ ფორმით დაბრუნება ეკლესიის მიმართ, ძალიან სახიფათო გზავნილია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით. ცილისწამების ბრალდებით ქართულმა მართლმსაჯულებამ გვამებზე სიარულის საშიში პრეცედენტები შეიძლება შემოგვთავაზოს. საქართველოს არც ეკლესიის და ეკლესიასთან დაახლოებული გარემოცვის ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტი გამოადგება. ცილისწამების კრიმინალიზაცია სახიფათო ხარკია, როგორც ეკლესიის ისე მმართველი პარტიის მიმართ.

ტომოსი

არასწორი იყო ქალბატონი პრეზიდენტის პოზიციონირება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მილოცვასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ არ მიულოცავს უკრაინას გასაგები მიზეზების გამო, რომლის დასახელებისგან თავი შეიკავა. თუ საუბარი იმ საფრთხეებს ეხება, რომელიც მოსკოვმა და მისმა ეკლესიამ შეიძლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოიწვიოს, მაშინ ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტის და მისი მრჩევლების კომპეტენცია კრიტიკას ვერ უძლებს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება, ფაქტობრივ მდგომარეობას რაც შეეხება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ძარცვა-განადგურება, ქართული კვალის წაშლა, ეკლესია-მონასტრების გათეთრება და მათი რუსულ ყაიდაზე გადაკეთება, ქართული ღვთისმსახურება აფხაზეთის რეგიონში შეწყვეტილია, რუსეთის პატრიარქი ყოველ წელს ულოცავს აფხაზეთის და ცხინვალის ფსევდო-სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პატრიარქს როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს შეგნებულად არ მოიხსენიებს და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მესაჭემ აფხაზეთში წირვა-ლოცვის ჩასატარებლად შესვლა რომ მოინდომოს, ძალიან დიდი ალბათობით მას ამის ნებას არ დართავს იქ არსებული საოკუპაციო სამხედრო ძალები. ამ ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაღას უნდა მოერიდოს საქართველოს პრეზიდენტი?

შესაძლოა, ავხსნათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს მთავრობის პოზიცია - ორივეს ეშინია რუსეთის, ან ემორჩილებიან რუსეთის გავლენას. თუ ეს ასეა, მაშინ მით უმეტეს გაუგებარია პრეზიდენტის პოზიცია. ასეთ დროს სწორედ პრეზიდენტმა უნდა გამოიყვანოს ჩიხური მდგომარეობიდან მთავრობა და ნაწილობრივ ეკლესიაც. გამომდინარე ტომოსის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია აქვს დღეს ქვეყანაში, მართებს, მიულოცოს უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც კი, საგარეო პოლიტიკა იმ მცირე ჩამონათვალშია, რომელზეც პრეზიდენტის კომპეტენციები ვრცელდება. საგარეო პოლიტიკაზე ქალბატონ პრეზიდენტს სულ ორი კითხვა დაუსვეს - უნდა აღდგეს თუ არა რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები, რაზეც პრეზიდენტმა მკაფიოდ და სწორად უპასუხა, რომ ამის წინაპირობებს ის დღეს ვერ ხედავს, და თუ რა არის მისი სამი საგარეო პრიორიტეტი 2019 წელს. სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მან საქართველო უნდა დააბრუნოს მსოფლიო რუკაზე.

კარგია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ირიბად აღიარა საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგიდან ამოვარდნის ფაქტი, რასაც ბოლო წლებია უარყოფს საქართველოს მთავრობა. მისასალმებელია, აგრეთვე, მისი სურვილი, რომ ჩვენი სახელმწიფო დაბრუნდეს მსოფლიო რუკაზე, მაგრამ, ერთი მხრივ, ეს ცოტა გრძელი პროცესია და 2019 წელს ვერ განხორციელდება, მეორე მხრივ, კონკრეტული არაფერი თქმულა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს საერთაშორისო დაბრუნება. ქალბატონმა პრეზიდენტმა და მისმა მრჩევლებმა ამ შემთხვევაშიც ვერ დაგვამახსოვრეს თავი მისაღები კომპეტენციით. ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს საერთაშორისო რეაბილიტაციის კონტექსტში ახსენა, იყო ის, რომ მან ხაზი გაუსვა საქართველოს პოტენციალს საერთაშორისო როლი ითამაშოს „გარემო დაცვაში“.

უნდა ითქვას, რომ ეს იმ პოლიტიკაზე მხოლოდ ცოტათი მეტია, რასაც „საქართველო აღარ იყოს საჯილდაო ქვა დასავლეთსა და რუსეთს შორის“ ჰქვია. საქართველოს შეუძლია უფრო დიდი საერთაშორისო როლის მორგება, ვიდრე „გარემო დაცვა“. ამას გარდა, სასაცილოა იმის შეხსენება, რომ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე გარემოს დაცვაზე უფრო დიდი გამოწვევებია.

მაგრამ ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები სხვა დატვირთვას იძენს, თუ გავითვალისწინებთ იმ საერთაშორისო დისპუტს, რაც გარემოს დაცვის საკითხზე აშშ-ს პრეზიდენტსა და საფრანგეთის პრეზიდენტს და მათ ორბიტაზე მყოფ სახელმწიფოთა ბანაკებს შორის მიდის. არ იქნებოდა სწორი ამ საკითხში აჩქარება, მით უმეტეს საქართველოს აშშ-ს საპირისპირო ბანაკში აღმოჩენა. სჯობს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბროს და არა როგორც მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დიპლომატმა. მას კარგად მოეხსენება, რომ საგარეო პოლიტიკა ასეთ დეტალებში იმალება.

კომენტარები