აშშ

დონალდ ტრამპი დემოკრატებს მთავრობის დახურვის საკითხზე გეგმას შესთავაზებს

Reuters

დონალდ ტრამპი გეგმავს, დემოკრატებს მთავრობის დახურვასთან დაკავშირებით გეგმა შესთავაზოს. შეთავაზების შესახებ ის დღეს, 19 იანვრის საღამოს ისაუბრებს, როდესაც ამერიკელ ხალხს თეთრი სახლიდან მიმართავს. ოფიციალური პირების თქმით, ეს ტრამპის მესამე ოფიციალური შეთავაზებაა მთავრობის დახურვის შემდეგ. 

​როგორც CNN-ს ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, ტრამპი შეეცდება, დემოკრატები მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნოს. თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკან დაიხევს და მექსიკის საზღვართან კედლის შესახებ გადაწყვეტილებას შეიცვლის. თუმცა, შესაძლოა, გარკვეული ტიპის დათმობებზე წავიდეს. 

თეთრი სახლის ოფიციალური პირები პესიმისტურად არიან განწყობილები, ვინაიდან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფას და უკან დახევას არც დემოკრატები აპირებენ. 

CNN-ს ასევე უთხრეს, რომ თეთრ სახლში ამ დრომდე განიხილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი, თუმცა, არ ელოდებიან, რომ პრეზიდენტი ამის შესახებ დღევანდელ მიმართვაში ისაუბრებს. 

ტრამპი მიმართვას თეთრი სახლის დიპლომატიური ოთახიდან, თბილისის დროით 23:00 საათზე გააკეთებს. 

აშშ-ში მთავრობა უკვე 29 დღეა, ნაწილობრივ დახურულია. მიზეზი ის არის, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს, ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. შედეგად ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული 800,000-მდე ადამიანი უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია.

კომენტარები