სასტუმრო ბუდაპეშტი

"ბუდაპეშტის" დამფუძნებელი: მერია ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები მიუღებელია

სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ, დღეს მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მისთის მიუღებელია. "მერია ძველებურად ხელების გადაგრეხვაზეა გადასული, მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელია" -  ამბობს ზაქაიძე. 

„რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ არის, გადასული არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხვაზე, ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაიირ უფლება ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავისი სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს. არადა ჩვენ გვაქვს ეს სპეცნებართვა და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაზეც ისინი აპელირებენ, რომ თითქოს ტექნიკური ხარვეზია, იმას სჭირდება ერთი სამუშაო." - ამბობს სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელი.

როგორც მან დღეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა, ნებართვის არაღდგენის შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს და ნებართვის გარდა, იმ ზიანზეც იდავებს, რაც მას მშენებლობის შეჩერების შედეგად მიადგა. 

"იმის გარდა, რომ არის ზარალი, არის კიდევ დრო, რომელსაც ვკარგავთ. იმის მაგივრად, რომ ამაზე დაგელაპარაკონ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია."- თქვა ზაქაიძემ.

მერიაში კი ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მფლობელს სასტუმროს მშენებლობის მოქმედი ნებართვა აქვს, ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ. თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2013 წელს არის გაცემული და მერია ცდილობს მფლობელთან შეთანხმების მიღწევას ან პარამეტრების ან ადგილის შეცვლაზე, თუმცა ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. 

"ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ნებართვა რის საფუძველზეც გაიცა, ეს არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს გამოსცა მაშინდელმა მერმა და ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და  ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშნებლობის ნებართვის მოთხვონის უფლება აქვს, აქვს უფლება მოითხოვოს 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. ეს არის ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა და ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია გავცეთ მშენებლობის ნებართვა ვაკის პარკში 30 მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად.  განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ მფლობელი არ თანხმდება არც ადგილის შეცვლაზე არც პარამეტრების შემცირებაზე თვლის საკმაოდ მყარად თავის თავს, რადგან ხელში უჭირავს სასამართლო გამოვლილი, ძალაში მყოფი, სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცა 2013 წელს." - ამბობს ირაკლი ხმალაძე. 

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა;

2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

კომენტარები