სირია

სირიაში ამერიკული და ქურთული ძალების პუნქტზე თავდასხმას მხვერპლი მოჰყვა

Hawar News

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო პუნქტზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

თვითმკვლელი ტერორისტი გამშვებ პუნქტს, რომელზეც ქურთული სამხედრო ძალები და მათი მოკავშირე ამერიკელი სამხედროები იმყოფებოდნენ, დანაღმული მანქანით დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპულებს შორის ამერიკელი სამხედროები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სირიის ქალაქ მანბიჯში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მთავარ ბაზარში მდებარე რესტორანში მოწყობილ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 4 ამერიკელი სამხედრო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავდასხმა პროვოკაციად შეაფასა, რითაც, მისი თქმით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე სურთ გავლენის მოხდენა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. მანბიჯში აშშ-ის ძალები სირიის დემოკრატიული ძალების ქურთულ და არაბულ დანაყოფებთან თანამშრომლობენ.

კომენტარები