ვარკეთილაირი

ვარკეთილაირი არასტანდარტული გაზის დანადგარების აკრძალვას ითხოვს

0 კომენტარი

ვარკეთილის დასახლებაში ორი ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომპანია "ვარკეთილაირი" განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ბინაში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, არასტანდარტული გამათბობელი (ე.წ. რეფლექტორი) იყო დამონტაჟებული. კომპანია მარეგულირებელ კომისიას მიმართავს, ბუნებრივი აირის მომხმარებლებს არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება აეკრძალოთ. 

"შპს ვარკეთილაირი ათ წელზე მეტია, აფრთხილებს თავის აბონენტებს, ხმარებიდან ამოიღონ არასტანდარტული გაზის გამათბობლები. ამ მიზნით აბონენტებს ურიგდებოდათ და ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც დეტალურად არის ახსნილი ბუნებრივი აირის ხელსაწყოების მოხმარების წესები. შპს „ვარკეთილაირის“ დირექტორმა ჯერ კიდევ 2014 წელს გამოსცა ბრძანება, რომლითაც კომპანიის თანამშრომლებს დაევალათ აბონენტის საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული არასტანდარტული გაზის გამათბობლების (მათ შორის ე.წ. რეფლექტორის) აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის საფუძველზე, გაფრთხილება მიეცათ პირისთვის არასტანდარტული გაზის მოწყობილობის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველობისა და სხვა ხელსაწყოთი ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ. გაცემული მითითების აქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შეეწყვიტათ აბონენტის გაზით მომარაგება. შპს „ვარკეთილაირის“ დირექტორის ბრძანებას კომპანიის თანამშრომლები წლების განმავლობაში ასრულებდნენ, ორგანიზაციამ ასეულობით აბონენტს “ჩაუჭრა“ არასტანდარტული დანადგარი, აღნიშნული დასტურდება მათ მიერ შედგენილი შესაბამისი გაფრთხილებისა და ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ შედგენილი აქტებით" - ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, კომპანიის მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში, ის აბონენტები, რომლებიც მოიხმარენ არასტანდარტულ გაზის გამათბობლებს, შემოწმების დროს, მალავენ გაზის გამათბობელს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, თვითნებურად აერთებენ და აგრძელებენ მის მოხმარებას.

"სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაშიც. შპს „ვარკეთილაირი“ ბუნებრივი აირის მომხმარებელთა საყურადღებოდ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. "რეფლექტორი" ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დანადგარია. იგი შთანთქავს ოთახში არსებულ ჟანგბადს და გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნახშიროჟანგს. თუ ამ დროს ოთახი ინტენსიურად არ ნიავდება, რამდენიმე საათში ადამიანი ითენთება, იძინებს და საბოლოოდ ფატალური შედეგიც დგება.

ძვირფასო აბონენტებო, თანამოქალაქენო! გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას! ნუ დაამონტაჟებთ საცხოვრებელ ბინაში კუსტარულ ან/და არასტანდარტულ დანადგარებს (ერთგამწოვიან წყლის გამაცხელებლებს, არასტანდარტულ გამათბობლებს, რეფლექტორებს და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ სხვა დანადგარებს).

შპს "ვარკეთილაირი“ მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომლითაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აეკრძალებათ არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება, ხოლო ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებს დაევალებათ, რომ არასტანდარტული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში დააჯარიმონ მათი მფლობელები (ბიუჯეტის სასარგებლოდ).

შპს „ვარკეთილაირი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და და გულწრფელად წუხს მომხდარის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები