არჩევნები 2018

კანდელაკი: ეუთო/ოდირის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა

გიორგი კანდელაკი
facebook.com/gkandelaki

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშზე ისაუბრა. მისი თქმით, ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა. კანდელაკის აზრით, საერთაშირისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში არჩევნები ასე კრიტიკულად 90-იანი წლების შემდეგ პირველად შეაფასეს.

"ყველამ, ვისაც სურს, ინფორმირებული მოსაზრება ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რამდენად თავისუფალი და სამართლიანი იყო არჩევნები საქართველოში, უნდა წაიკითხოს ეუთოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომლის ხელმომწერი ჩვენი ასამბლეაცაა. ეს არის შეფასების გაცილებით ავტორიტეტული და მიუკერძოებელი წყარო, ვიდრე მე ან ჩემი კოლეგა ვართ მმართველი პარტიიდან.

ბევრ თქვენგანს გახსოვთ საქართველო 90-იან წლებში, როდესაც სახელმწიფო იყო ჩამოშლილი, იყო სამოქალაქო ომი, კორუფცია, ადამიანების გატაცების ფაქტები. შემდეგ 2003 წელი და ვარდების რევოლუცია, ფართოდ აღიარებული რადიკალური რეფორმები, რომელთა შედეგად აღმოიფხვრა კორუფცია, აშენდა სახელმწიფო ინსტიტუტები. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ 2012 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, არჩევნების გზით და მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება. იმისთვის, რომ საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესი შეუქცევადად შეფასდეს, აუცილებელია, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს ორჯერ და არა ერთხელ; იმისთვის, რომ დემოკრატიული წეს-წყობილება რისკის წინაშე აღარ იდგას, საქართველომ ეს გამოცდა ჯერ კიდევ უნდა ჩააბაროს. მე ვთვლი, რომ ეუთოს/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიში სწორედ იმას ცხადყოფს, რომ საქართველო სერიოზული რისკის წინაშეა" - თქვა კანდელაკმა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო მოსყიდვა და ზეწოლა მიუღებელია.

"კოლეგებო, საქართველოში არჩევნების ასეთი კრიტიკული შეფასება 90-იანი წლების შემდეგ პირველად დაფიქსირდა. თუ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე შეისყიდის მნიშვნელოვანი რაოდენობის მოქალაქეთა საბანკო სესხს, არის თუ არა ეს ამომრჩეველთა მოსყიდვა? ეს კანონიერია? კი თუ არა? ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ცალსახად შეაფასა ეს მოვლენა როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მმართველი გუნდიდან პარლამენტარის ძმა და მისი მხარდამჭერები ხელკეტებით დაარბევენ ოპოზიციური პარტიის ოფისს და ფიზიკურად გაუსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს ისე, რომ მათ ძვლებს უმტვრევენ, და ამისთვის დაპატიმრებულიც არავინ არაა - ნუთუ ეს მისაღებია? კი თუ არა? სწორედ ეს და მსგავსი ფაქტებია აღწერილი ამ ანგარიშებში. ნორმალურია, როდესაც შემოწირულობების 80% მთავრობის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ერიცხება? განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით,რომ შემდეგ შემომწირველი კომპანიები უეცრად მრავალმილიონიან ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერებს იგებენ, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ კორუფციის ნიშნადაა შეფასებული. როდესაც ადამიანები საკუთარი არჩევანის გამო ანგარიშსწორებას უფრთხიან, ეს მისაღებია?

წაგიკითხავთ ციტატას: "შემაშფოთებელია საარჩევნო უბნების გარეთ დაფიქსირებული გარემო, რასაც შესაძლოა ზემოქმედება მოეხდინა ამომრჩევლების შესაძლებლობაზე, თავისუფლად და ანგარიშსწორების შიშის გარეშე გაეკეთებინათ არჩევანი,“ - ნუთუ ეს ნორმალურია?

ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, ია კერზაია გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც განაცხადა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესახებ, სახელმწიფო მისგან მოითხოვდა მშობლებთან ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. ამ ფაქტთან დაკავშირებით განათლების მინისტრი ჯერ კიდევ უნდა წარსდგეს პარლამენტის წინაშე. ეს ტრაგედია უნდა იქნას გამოძიებული; და არცერთი საჯარო მოხელე საქართველოში ან სხვაგან არ უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი საარჩევნო კამპანიებში ჩართვის მოთხოვნის გამო" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები