ჯვრის მონასტერი

წინამძღვრის მოთხოვნით, გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის ტერიტორიის დასატოვებლად 3 დღე აქვთ

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3-დღიანი ვადა მისცეს. ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეები გააფრთხილა, ტერიტორია დატოვონ და საკუთარი დახლები აიღონ. გაფრთხილებას წინ ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრა უსწრებდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

გარემოვაჭრეები ადგილის დატოვებას არ აპირებენ და აქციებს მართავენ. ისინი კონსტანტინე ჯინჭარაულის სხვა მონასტერში გადაყვანას ითხოვენ. გარემოვაჭრეებმა აქცია ჯერ ჯვრის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს, შემდეგ კი თბილისში, საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს.

"გაგვიკრეს გამაფრთხილებელი საბუთი, თუ არ ავიღებთ 3 დღეში დახლებს, დაერევიან და თვითონ აიღებენ" - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე გოგი ავსაჯანაშვილი და აღნიშნავს, რომ გარემოვაჭრეები უკან დახევას არ აპირებენ.

"სახელმწიფოს ნაწილი ვართ ჩვენც, გადავკეტავთ გზას და არ შემოვუშვებთ არავის. არ ვიცი, მამაოს რატომ აძლევენ ამდენ უფლებას, ვინ ეხმარება ასეთი. ჯობია, გააკონტროლონ ის ფასები, რომლებიც უდევთ ჯვრისწერაზე, ნათლობაზე, "სტავკა" რომ აქვთ, იმას მიხედონ ჯობია, ჩვენი ოჯახებიდან ლუკმა-პურის ამოცლას,“ - თქვა აქციის სხვა მონაწილემ.

იღუმენი კონსტანტინე ჯინჭარაული კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია.

"არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ხდებოდა მონასტრის წინ. მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკთან ერთად აპირებს დიდი პროექტის გაკეთებას, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, პარკინგი, ამ პროექტს მალე იწყებენ და მაინც უნდა გაეყვანათ ისინი" - ამბობს კონსტანტინე ჯინჭარაული.

მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის თქმით კი, ჯვრის მონასტრის წინამძღვარი ცალსახად იმ აზრზე რჩება, რომ ტერიტორიიდან მოვაჭრეები უნდა გავიდნენ.

"მამა კონსტანტინე ჭინჭარაული არის სასტიკ უარზე, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყოს ვაჭრობა. ჩვენ გვქონდა შეთავაზებული, რომ ჩვენს თავზე ავიღებდით ზედამხედველობას გარემოვაჭრეებზე, რომ არ ყოფილიყო უსუფთაობა და ქაოტური ვაჭრობა. მამა კონსტანტინე ცალსახად იმ აზრზეა, რომ იქიდან ეს გარემოვაჭრეები უნდა გავიდნენ. თუმცა, მომავალში აიკრძალება თუ არა გარევაჭრობა, ამას არ ადასტურებს" - უთხრა კაპანაძემ ინტერპრესნიუსს.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. ორი დღის განმავლობაში, მონასტერში მომლოცველებს და დამთვალიერებლებს არ უშვებდნენ. მიზეზად გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღებოდა, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებდნენ. მოვაჭრეების მტკიცებით კი, სასულიერო პირს ვაჭრობა აქ თავად სურს.

საქართველოს საპატრიარქოს 15 იანვრის განცხადებით, "გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას, უხერხულია, ეს ტაძრები თავისი დიდებულებით გვიყურებდნენ წარსულიდან და XXI საუკუნის საქართველო კი მათ გვერდით მიუღებელი და მოუწესრიგებელი სახით იყოს წარმოჩენილი". საქართველოს საპატრიარქომ მიმართა ხელისუფლებას და კულტურის სამინისტროს, "ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას".

ჯვრის მონასტერი 16 იანვარს გაიხსნა. იმავე დღეს, მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა დროებით შეჩერდა. გარემობაჭრეებმა ეს გადაწყვეტილება მცხეთის მერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ ალტერნატიულ ფართებს ან ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო დახლებს დაპირდა. გარემოვაჭრეები პასუხს 21 იანვრამდე ელოდებოდნენ.

კომენტარები