სასამართლო სისტემა

კანდელაკი სასამართლო სისტემაზე: საქართველომ ნაბიჯი უკან გადადგა

ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებში, რომელთაც ტოტალიტარული მმართველობის წარსული აქვთ. კანდელაკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე დემოკრატიზაციის ნებისმიერი მცდელობა განწირულია.

"ცხადია, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობდა საბჭოთა წარსულში. 90-იან წლებში, როდესაც საქართველოში სახელმწიფო იყო ჩამოშლილი, გარდა იმისა, რომ სასამართლო არ იყო დამოუკიდებელი, ის, როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, მჭიდრო კავშირში იყო ორგანიზებულ დანაშაულთან. ვარდების რევოლუციამ და თანმდევმა რეფორმებმა სასამართლო გაწმინდა კორუფციისგან, აშენდა ფუნქციური ინფრასტრუქტურა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლო არ გახდა დამოუკიდებელი.

მას შემდეგ, რაც ჩემმა გუნდმა წააგო არჩევნები 2012 წელს, სასამართლო სისტემაში საჭირო ცვლილებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შეიქმნა. გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლეთა და ხელისუფლებას შორის არსებული კავშირები ბუნებრივად გაქრებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ახალი ადამიანები მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, საქართველოს მსგავსი წარსულის ქვეყნებში მთავრობის ცვლილება კარგი პლატფორმა იქნებოდა სასამართლო რეფორმის გასატარებლად. დღეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, ხელიდან იქნა გაშვებული და რომ საქართველომ, სამწუხაროდ, ნაბიჯი უკან გადადგა" - თქვა კანდელაკმა და მაგალითად საერთაშორისო გამჭირვალობის და Freedom House-ის და შეფასებები მოიყვანა. ასევე, აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად ისტორიაში გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეს ეხებოდა.

ევროპული საქართველოს წევრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათ კანდიდატზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ კანდიდატურებს "სადავო რეპუტაცია" აქვთ.

"დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დემონსტრაცია გაიმართა ამასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობამ ევროპულმა საქართველომ პარლამენტს წარუდგინა რეფორმების წინადადება, რომელიც მოიცავს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებს და ასევე შესაძლებლობას, რათა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა შეძლონ კანდიდატებთან გასაუბრება, რაც ამჟამად შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ასამბლეა და განსაკუთრებით საქართველოზე მომხსენებლები მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში და ზეგავლენა იქონიონ ხელისუფლებაზე, შეაჩეროს უკუსვლა და მიიღოს კეთილგანწყობილი კრიტიკა" - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები