საქართველო-ევროკავშირი

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასა და შემდგომი დღის წესრიგის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც პირადად ჩემთვის, ასევე როგორც ახალარჩეული პრეზიდენტისათვის. ვიზიტი, რომელიც დაიწყო ბრიუსელით, არ არის უბრალოდ პრეზიდენტის პირველი ვიზიტი, ეს არის მკაფიო და  სიმბოლური ჟესტი, რომელიც ასახავს იმ აშკარა პრიორიტეტს, რომელიც უკვე აისახა საქართველო ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა პრეზიდენტის არჩევისთანავე. ამ პრიორიტეტში იგულისხმება ინტეგრაცია ევროპასთან, რომელსაც საქართველო ეკუთვნის თავისი კულტურით, თავისი სულით და თავისი იდენტობით. საქართველო აქ თავს საკუთარ სახლში გრძნობს" - თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერი ბათუმში "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე დაპატიჟა. 

"ეს კონფერენცია უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის, ეს არის პარტნიორობის შეთანხმების მეათე წლისთავი. კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისათვის, რომ თვალი გადავავლოთ ჩვენს ურთიერთობებს და მიღწეულ პროგრესს, რომელიც ძალიან არსებითია. ეს იქნება ასევე შესაძლებლობა, რომ ბიძგი მიეცეს ახალ იდეებს, ახალ მიდგომებსა და დინამიკას ამ ურთიერთობაში, რომელიც უკვე ასოცირების შეთანხმების ხუთ წელს ითვლის.

ეს იქნება ასევე კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთად ვიფიქროთ, როგორი იქნება ეს ურთიერთობა, რომელიც უკვე ძალიან ნაყოფიერია, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირი გადადგამს პირველ ნაბიჯებს ახალი ინსტიტუტების შექმნის გზაზე" - განაცხადა პრეზიდენტმა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

"ეს არის თავისი ხასიათით უნიკალური მისია. მისია, რომლის არსებობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს. ეს მისია აძლიერებს მათში უსაფრთხოების განცდას, ხოლო ჩვენში, ხელისუფლებაში და მთლიანად საქართველოს მოსახლეობაში, აძლიერებს განცდას და არა მხოლოდ განცდას, რომ ევროკავშირი ფიზიკურად იმყოფება ჩვენს გვერდით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს პოლიტიკური მხარდაჭერაა, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, მთლიანობაში ამ ოკუპირებულ ზონებთან დაკავშირებული ზომები, ის მშვიდობიანი ძალისხმევა, რომელსაც ატარებს საქართველო, წარმატებული იქნება მხოლოდ ჩვენი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის შემთხვევაში. მარტო ჩვენი ძალისხმევა შედეგს ვერ მოიტანს. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო და ხაზი გავუსვა ამ მისიის და მისი გაგრძელების მნიშვნელობას, რის შესახებაც გადაწყვეტილება ახლახან იქნა მიღებული ბრიუსელში" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა (გამოყენებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები