ტელეკომუნიკაცია

Silknet ტარიფის ზრდაზე: პაკეტების მოცულობა გაიზარდა, სხვა კომპანიასთან შეთანხმება არ ყოფილა

კომპანია სილქნეტი, რომელმაც 2018 წელს ჯეოსელი შეისყიდა, სააბონენტო გადასახადისა და პაკეტების ფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სილქნეტი ირწმუნება, რომ არანაირ სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ქონია და კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინტერნეტ პაკეტებზე ფასის გაზრდის მიზეზი პაკეტის მოცულობის ზრდაა. კომპანიის ინფორმაციით, "დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს".

როგორც სილქნეტში ამბობენ, შედეგად, მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც.

"მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, სილქნეტი საუბრობს კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებულ შესყიდვებში დანახარჯებზე და ხაზს უსვამს, რომ ეს შესყიდვები სრულად უცხოურ ვალუტაში ხდება, ხოლო შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაშია. კომპანიაში ამბობენ, რომ "ბოლო წლების სავალუტო დევალვაციის მიუხედავად, სილქნეტი ინარჩუნებს ფასებს ბაზარზე და ეს ტვირთი აბონენტებზე არ ასახულა".

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს შესთავაზა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების სრული სპექტრი.

სილქნეტის მიერ განხორციელებული ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციების შედეგად, კომპანიას  მიეცა საშუალება, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და გაუმჯობესებული ახალი სერვისები. კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა 4,5G მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და ხარისხი მთელ ქვეყანაში. კომპანია, ასევე, მასიურად ავითარებს ოპტიკურ ქსელს თბილისსა და რეგიონებში, რაშიც დამატებით მილიონობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად. ამასთანავე, სილქნეტი აგრძელებს ინვესტირებას სატელევიზიო კონტენტის და პროგრამირების გაუმჯობესების კუთხით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული, კინო და შემეცნებითი გადაცემები შესთავაზოს, რაშიც, ასევე, ათობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.

გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს მრავალ მილიონ დოლარიანი პროექტი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბონენტთა მომსახურებას, გაამარტივებს მომსახურების პროცესს და საშუალებას მისცემს აბონენტებს,  ახალი ინოვაციური პროდუქტები და დამატებითი სერვისები მიიღოს", - აღნიშნულია სილქნეტის განცხადებაში.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს, რათა აღნიშნული საკითხების განხილვა "საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით" მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯეოსელისა და მაგთის აბონენტებს 18 თებერვლიდან სააბონენტო გადასახადის გადახდა მოუწევთ. ჯეოსელის აბონენტებს ექვს თვეში ერთი ლარი და 20 თეთრი, ხოლო მაგთის აბონენტებს, ერთი ლარი ჩამოეჭრებათ. იცვლება სხვა პაკეტების ღირებულებაც.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, აბონენტებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ტარიფის გაზრდის არანაირი წინაპირობა და საფუძველი არ არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაგთიკომისა და სილქნეტის მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე, საკითხის შესწავლა დაიწყო.

"კომისია შეისწავლის, ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი რამდენად ადეკვატურად ცვლის ფასებს ერთდროულად. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება", - აღნიშნავს GNCC.

კომენტარები