NATO-საქართველოს ურთიერთობები

სტოლტენბერგი: NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს გვხდის

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

„საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. თქვენ ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ხართ. მარტში NATO-საქართველოს წვრთნებს უმასპინძლებთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს NATO-ს 17 მოკავშირე. ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია. ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდრო ხდება,“ - ეს განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის შემდეგ გააკეთა ბრუსელში.

„დღეს შეხვედრისას შევთანხდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს NATO-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე აძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვას, ისევე როგორც ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი,“- თქვა მან.

სტოლტენბერგმა რეფორმების მიმართულებითაც ისაუბრა და ამ მხრივ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულება გამოყო, მათ შორის შეიარაღებული ძალების მოდერნიზება. მან საქართველოს მოუწოდა, რომ ამ მიმართულებით გზა განაგრძოს.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს საკუთარი ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს მათი ცნობა.

სტოლტენბერგის თქმით, NATO და საქართველო იზიარებენ შეშფოთებას შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე, რის გამოც აძლიერებენ საზღვაო თანამშრომლობასაც რამდენიმე მიმართულებით - მათ შორის, სანაპირო დაცვის წვრთნის,  საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალებს შორის მეტი თანამშრომლობით, ასევე საქართველოს ერთიან საზღვაო სამოქმედო ცენტრსა და NATO-ს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობის გზით.

“NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს გვხდის,“ - მიმართა მან ზურაბიშვილს. სტოლტენბერგმა მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

"საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციისაკენ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენს არჩევანს ასახავს. ჩვენი გზა ინტეგრაციისაკენ ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მოდერნიზაცია", - თქვა ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები