აშშ

დონალდ ტრამპმა მთავრობის დახურვის გამო კონგრესში ყოველწლიური გამოსვლა გადადო

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური მიმართვა გადადო. მიზეზად მან მთავრობის დახურვა დაასახელა. ამის შესახებ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"როდესაც მთავრობა უკვე დახურული იყო, ნენსი პელოსიმ მთხოვა სიტყვით გამოვსულიყავი კონგრესში. მე დავთანხმდი. მან შემდეგ აზრი შეიცვალა მთავრობის დახურვის გამო და გადადება შემომთავაზა. ეს მისი პრეროგატივაა - მე მიმართვას მთავრობის გახსნის შემდეგ გავაკეთებ. მე არ ვეძებ ამისათვის ალტერნატიულ ადგილს, რადგან ვერაფერი გაუწევს კონკურენციას ისტორიას, ტრადიციას და წარმომადგენელთა პალატის მნიშვნელობას. ველოდები "დიდებული" მიმართვის ჩატარებას უახლოეს მომავალში."

 შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ნენსი პელოსიმ ტრამპი კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისათვის არ მიიწვია და უთხრა, რომ მთავრობის დახურვის პირობებში უმჯობესია გამოსვლა გადაიდოს, ან ტრამპმა მიმართვა წერილობით გადასცეს კონგრესს.

ამის პასუხად ტრამპმა მას ბრიუსელში, ეგვიპტესა და ავღანეთში ვიზიტები გადაუდო და მოუწოდა ეს დრო მასთან მთავრობის გახსნაზე მოლაპარაკებებში გამოეყენებინა.

აშშ-ის მთავრობა უკვე 33 დღეა დახურულია. მიზეზი ისაა, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. უხელფასოდ მუშაობს ან უხელფასო შვებულებაშია სახელმწიფო უწყებების 800,000-მდე თანამშრომელი.

აშშ-ის სენატი დღეს ორ კანონპროექტს განიხილავს, რამაც შესაძლოა მთავრობა ხელახლა აამუშავოს.

ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელსაც ხვალ კენჭს უყრიან დემოკრატიული პარტიის შემოთავაზებაა მთავრობის 3 კვირით დაფინანსების შესახებ, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავს. წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცების შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მსგავს ბიუჯეტს ხელს არ მოაწერდა.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, რესპუბლიკელი მიტჩ მაკკონელი ამბობდა, რომ ბიუჯეტის ისეთ კანონს არ განიხილავდა, რომელზეც ტრამპი შემდეგ ხელს არ მოაწერდა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეიცვალა.

გარდა ამისა განიხილავენ დონალდ ტრამპის შემოთავაზებასაც, რომელიც სასაზღვრო კედლის ხარჯებთან ერთად დოკუმენტების არმქონე მიგრანტების დასახმარებლად შექმნილი პროგრამების, DACA -ს და TPS-ის დაფინანსებას და დეპორტაციისგან მათ 3 წლით დაცვას მოიცავს.

დემოკრატიულმა პარტიამ ტრამპის შემოთავაზება უკვე უარყო.

კომენტარები