მელორ ვაჩნაძე

ვაჩნაძე ფეხსაცმლის მოპარვას არ ადასტურებს - "დამაკავეს, რადგან პასპორტი დამრჩა"

facebook.com

2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიაში დააკავეს. თუმცა ის ამბობს, რომ პასპორტი დარჩა და დაკავების მიზეზი ეს გახდა. მანამდე, რამდენიმე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გერმანელი სამართალდამცველები ფეხსაცმლის ქურდობას ედავებიან.

"მართლა დამაკავეს ოღონდ კონტროლზე და პასპორტი დამრჩა (ნინის ჩანთაში რომელიც კაფეში იყო კატოსთან ერთად, ჩემგან 100 მეტრში). მიუხედავად იმისა, რომ ID ბარათი მედო საფულეში, მაინც ამის გამო 12.13.14.15 იანვრის დღეები მაყურყუტეს პოლიციაში, არც 100 მეტრაში მყოფი ოჯახთან მიმიყვანეს და ნუ მილიონი დაკითხვა მომიწყეს, თითქოს ვერ გაიგეს ვინ ვიყავი და მეუბნებოდნენ ყველა *ქართველი კრიმინალიაო*, რის გამოც სულ კაიზერის და გიტლერის დედა გავახსენე", - წერს ვაჩნაძე ფეისბუქზე.

მისივე ინფორმაციით, დაკავების მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე 15 იანვარს გაათავისუფლეს და მოსამართლემ უთხრა, რომ 500 ევროთი დაჯარიმდა, რის გასაჩივრებასაც აპირებს.

"ყოველგვარი დაკავების მიზეზის ახსნა განმარტების გარეშე გამომიშვეს სასამართლოდან 15 იანვარს, იქ მოსამართლემ კი მითხრა რუსი თარჯიმნის საშუალებით (თუ სწორად მითარგმნა) რომ ნახეს ვინც ვარ, უპასპორტობაზე 500 ევრო ჯარიმას მაკისრებს და ორი თვეა ტურისტის სტატუსით ვარ გერმანიაში. მადლობაც მომიხადა, რომ მატარებლის ჯარიმაც კი არ ამომივარდა 2 თვის განმავლობაში და დროა სხვაგან წავიდე. მე განვუცხადე რომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა, ვინაიდან პოლიციელებს შეეძლოთ ასი მეტრი გამომყოლოდნენ, სადაც ჩემი მეუღლე და შვილი სადილობდა. იქ ვანახებდი პასპორტს, თან მქონდა ID ბარათი, სამი დღის განმავლობაში არც თარჯიმანი მომიყვანეს, არც ადვოკატი მომიყვანეს, ამიტომაც უკანონო გადაწყვეტილებაა ვუთხარი და გავასაჩივრებ მეთქი... ეხლა ველოდები საქართველოში რომ მივა ჩემს მისამართზე განაჩენი ან ჯარიმა რომ გავასაჩივრო, ვინაიდან აქ არ მომცეს და ვერც გავასაჩივრე ჩემი ძალებით, ადვოკატთან ერთად მოდიო და ადვოკატი 1000 ევრო ღირს...
აქვე გეტყვით რომ მაგ დღეებში ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა და საქართველოს მოქალაქეებზე დაკეტა საემიგრაციო ანუ ე.წ. აზული, ვინც ჩაბარებული იყო ისიც დაადეპორტეს და აღარავის აღარ იღებენ ქართული მოქალაქეობით...
უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი კი ქართულმა მხარემ დიდი ღალატის და არული გარიგებით მოიპოვა რომ იცოდეთ!!! სანაცვლოდ საქართველომ გერმანიაში მყოფი 200 000 ლირიელი, არაბი თუ სხვა მუსულმანი მტოლვილის საქართველოში მიღებაზე აიღო ვალდებულება...", - წერს ვაჩნაძე [სტილი დაცულია]

გარდა ამისა, მელორ ვაჩნაძე მიიჩნევს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ის დაკვეთაა. მისი თქმით, მას არ მიუცია გერმანული მხარისთვის ინფორმაციის გაჟღერების უფლება.

"ეს სტატია შ.ს.ს და სუსის დაკვეთაა!!! თუ მთლიანად ეს დაკავებაც ქართულ გერმანული მოლაპარაკების ნაწილი არ იყო... მთავარი - ჩემი დაკავების ინფორმაცია ვერანაირად ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან მე არ მივეცი უფლება გერმანულ მხარეს საქართველოს წარმომადგენლობას რაიმე ინფორმაცია მიაწოდოს ჩემზე და ამის საბუთი მაქვს და ვაქვეყნებ... ეხლა თქვენ განსაჯეთ საიდან იცის ქართულმა მხარემ და თუ იცის ესე იგი გერმანიამ კანონი დაარღვია!!! ისე ჩემ შვილს არ მოშივდეს, თორე მოვიპარავ კი არა ყველაფერს ვიზავ!!!
თქვენი დადა ვატირე მეტი საქმე არ გაქვთ???", - წერს ვაჩნაძე [სტილი დაცულია]

მელორ ვაჩნაძე ფეისბუქზე დოკუმენტსაც აქვეყნებს, სადაც მითითებულია, რომ არ აქვს სურვილი მისი დაკავების შესახებ საქართველოს საკონსულო იყოს ინფორმირებული.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. რამდენიმე სააგენტო წერდა, რომ მას ფეხსაცმლის ქურდობას ედავებიან. დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა თქვეს, რომ არ იციან რას ედავებიან ვაჩნაძეს სამართალდამცველები და კონკრეტულად რომელ ქალაქში დააკავეს ის.

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე 2012 წლის შემდეგ ქსენოფობ, ულტრანაციონალისტურ ჯგუფებთან, მათ შორის "ქართულ მარშთან" თანამშრომლობდა. რამდენიმე თვის წინ მან რუსთავის 2-თან თქვა, რომ საქართველოს ტოვებს და ამის მიზეზად პოლიტიკური დევნა დაასახელა.

კომენტარები