სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი: მზად ვართ, შევხვდეთ კალაძეს და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მფლობელი გოგა ზაქაიძე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "ფსიქოლოგიური ზეწოლის და ძალადობის ფორმას" უწოდებს. მისი თქმით, ვაკის პარკის ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს, კანონის სრული დაცვით შეისყიდა.

"მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად, 1 ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა" - აცხადებს ზაქაიძე და აღნიშნავს, რომ მისმა კომპანიამ "კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი" შეიძინა.

"მასზე გაცემული იყო ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივიატთა ჯგუფებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა, საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა, შევხვდეთ ქალაქის მერს, კახი კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი, რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით" - წერს ზაქაიძე Facebook-ზე.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, დედაქალაქის წინა მთავრობამ მშენებლობის ნებართვა უკანონოდ გასცა. კალაძის განმარტებით, მერია ინვესტორს სთავაზობს ან ადგილმონაცვლეობას, ან შენობის ზომების შეცვლას. როგორც ცნობილია, სასტუმრო ბუდაპეშტის მფლობელი მერიის მიერ შემოთავაზებულ პირობებზე უარს ამბობს. მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ მისთვის მერიის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია. მისი შეფასებით, მერია ხელების გადაგრეხით არის დაკავებული. ამის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შანტაჟის ენით საუბარი დედაქალაქის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

"ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა" - ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, 2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულებით, თბილისის მერმა თბილისში, ჭავჭავაძის. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა; 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა.

ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.

კომენტარები