ელ ჩაპო

ელ ჩაპოს ყოფილი მცველი: გუზმანი ხალხს აწამებდა და ცოცხლად მარხავდა

Reuters

მექსიკელი ნარკობარონის, ხუაკინ გუზმანის, რომელიც ცნობილია მეტსახელით ელ ჩაპო, სასამართლო პროცესი ნიუ იორკში გრძელდება.

დაიკითხა მისი ყოფილი მცველი, ისაიას ვალდეზ რიოსი, რომელმაც აღწერა როგორ აწამებდა და ხოცავდა ხალხს გუზმანი.

ჩვენებაში მან თქვა, რომ საკუთარი თვალით ნახა როგორ სცემა და მოკლა გუზმანმა მეტოქე კარტელის 3 წევრი, შემდეგ კი მათი გვამები დააწვევინა. მისივე თქმით ორი პირი, რომლებიც წარმოშობით სინალოადან იყვნენ, თუმცა მეტოქე ლოს ზეტასის კარტელს შეუერთდნენ გუზმანმა ცოცხლად დაამარხინა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი მოწმის ალექს სიფუენტესის თქმით, მექსიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ გუზმანისაგან ქრთამის სახით 100 მილიონი აშშ დოლარი აიღო.

61 წლის გუზმანის სასამართლო პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ნარკოტრეფიკინგის და აშშ-ში კოკაინის, ჰეროინის და სხვა ნარკოტიკის შეტანის ბრალდებით მექსიკიდან მისი ექსტრადიცია მოხდა.

გუზმანი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სინალოას კარტელს მეთაურობდა. მას ბრალი 17 მუხლით აქვს წარდგენილი და სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები