უზენაესი სასამართლო

ბესელია: 10 მოსამართლის ასარჩევად ბევრად მეტი კანდიდატი უნდა განვიხილოთ

ეკა ბესელია

ეკა ბესელიას თქმით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ასარჩევად არა მხოლოდ 10, არამედ ბევრად მეტი კანდიდატი უნდა წარადგინოს. 

მან ეს ქართული ოცნების ოფისში პარტიის თითქმის 8-საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. მმართველი გუნდი რამდენიმე საკითხზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე მსჯელობდა. მმართველი გუნდის წევრების თქმით, დღესაც, ისევე, როგორც გუშინ, "შეხვედრის მოდერატორი ბიძინა ივანიშვილი იყო" 

"ის, რომ საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, როგორც კონსტიტუციაში წერია, ვერ შეიცვლება, მაგრამ როგორ წარმოადგენს - გრძელი იქნება ეს სია, სრული სია იქნება თუ იქნება ის, რომელსაც საბჭო თავად ჩათვლის საჭიროდ, ეს არის ერთ-ერთი პრინციპული საკითხი. საბჭომ უნდა წარმოადგინოს სია, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა იყოს უფრო გრძელი სია, ვიდრე 10 ადამიანია ათ პოზიციაზე. საბჭოსადმი ნდობა არ არის დღეს მაღალი, ამიტომ პარლამენტმა უნდა აიღოს მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობა.

აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული ხედვა და ვთქვით, რომ მოდი ეს საკითხი კიდევ გავაგრძელოთ სამსჯელოდ. პარლამენტმა უნდა მიიღოს უფრო ფართო შემადგენლობით სია, ვინც ფორმალურად აკმაყოფილებს კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნებს და საბჭომ გადმოაგზავნოს ეს სია პარლამენტში. მაგალითად, სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევ კანდიდატურებს როდესაც ვიხილავთ, ერთ პოზიციაზე სამი კანდიდატურა სახელდება", - თქვა ბესელიამ. 

მან იმ კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული. 

"მნიშვნელოვანია, პარლამენტში კრიტერიუმების განხილვის დროს ჩვენ შევჯერდეთ იმაზე, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად აღიარებულ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში მონაწილეობდნენ, რაც პარლამენტმა აღიარა 2012 წელს და თქვა პოლიტიკური აქტით, ასევე უნდა იყოს ერთ-ერთ გამომრიცხავი გარემოება.

სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებში, სადაც ხვდება კონვენციის ძირითადი მუხლების დარღვევები, ასევე ის მოსამართლეები, რომელთაც დაუდგინდათ ასეთი დარღვევები ამ საქმეებში, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი გარემოება, რომელიც პარლამენტში გადმოტანილი პროცესის დროს გაფილტრავს ამ კანდიდატებს", - თქვა დეპუტატმა. 

ბესელიამდე ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა და თქვა, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტმა კენჭი არა მოსამართლეობის კანდიდატთა ერთიან სიას, არამედ მათ კანდიდატურებს სათითაოდ უყაროს. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები