აშშ

ტრამპი აშშ-ის ფედერალური მთავრობის გახსნას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით

The Hill

დონალდ ტრამპი აშშ-ის ფედერალური მთავრობის გახსნას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით, 15 თებერვლამდე. 

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ მხარს დაუჭერს მოკლევადიანი ხარჯების შესახებ კანონპროექტს, რათა მთავრობა დროებით გაიხსნას. 

"მე ამაყი ვარ განგიცხადოთ, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას მთავრობის დახურვის დასრულებისა და მისი ხელახლა გახსნის თაობაზე. როგორც იცით, მე ძალიან ძლიერი ალტერნატივა მაქვს, მაგრამ ამ მომენტში მისი გამოყენება არ მინდა. იმედი მაქვს, ის საჭირო არ გახდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ შესანიშნავ ფედერალურ მოხელეს და მათ შესანიშნავ ოჯახებს, რომლებმაც ასეთი თავდადება გამოავლინეს ბოლოდროინდელი სირთულეების საპასუხოდ. თქვენ ხართ ფანტასტიური ადამიანები, წარმოუდგენელად დიდი პატრიოტები", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

აშშ-ში მთავრობა წილობრივ დახურული ერთ თვეზე მეტ ხანს იყო. მიზეზი ის არის, რომ ტრამპი და დემოკრატიული პარტია, რომელიც ახალი მოწვევის წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს, ბიუჯეტში სასაზღვრო კედლის დაფინანსების საკითხზე ვერ თანხმდებიან. ტრამპი მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიუჯეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს. შედეგად ფედერალურ სტრუქტურებში დასაქმებული 800,000-მდე ადამიანი უხელფასოდ მუშაობდა ან უხელფასო შვებულებაში იყო. ახლა ისინი განაცდურს მიიღებენ, თუმცა, 3 კვირის შემდეგ მათი მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

კომენტარები