ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Heritage Foundation: საქართველოში სასამართლოს ეფექტიანობა მკვეთრად შემცირდა

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს კვლავ მე-16 ადგილი უჭირავს, თუმცა, ეკონომიკური თავისუფლება 75,9%-ად არის შეფასებული, რაც გასულ წელთან შედარებით ნაკლებია - 2018 წელს ეს მაჩვენებელი 76,2% იყო. 

Heritage Foundation ქვეყნების ეკონომიკურ თავისუფლებას სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით განსაზღვრავს, მათ შორის არის ქონების უფლება, სასამართლო სისტემა, მთავრობის ერთიანობა, გადასახადები, მთავრობის ხარჯები, ჯანდაცვა, ბიზნესის თავისუფლება, შრომის, მონეტარული, ვაჭრობის, ინვესტიციების და ფინანსური თავისუფლება. 

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლისთვის საქართველოში მკვეთრად გაუარესდა:

  • სასამართლოს ეფექტიანობა - ახლა ის 54,6%-ით არის შეფასებული, როდესაც ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64,2% იყო. 
  • მთავრობის ჩართულობა - 2019 - 58,5%; 2018 - 61,8%;
  • მონეტარული თავისუფლება - 2019 - 76,0%, 2018 - 79,6%;
     

გაზრდილია ფინანსური თავისუფლების მაჩვენებელი - 2019 - 70,0%, 2018 - 60,0%

"საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 75,9 ქულაა და ამით მე-16 ადგილზეა. ქვეყნის მთლიანი ქულა 0,3 პუნქტით გაუარესდა, სასამართლოს ეფექტიანობის მკვეთრი გაუარესებითა და მთავრობის ჩართულობის და მონეტარული თავისუფლების ქულების შემცირებით, რამაც გადააჭარბა ფინანსურ თავისუფლებაში დაწინაურებას. 

ევროპის 44 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა და მისი მთლიანი ქულა როგორც მსოფლიოში, ისე ევროპაში საშუალოს აღემატება. 

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ადმინისტრაციის მიერ გატარებულმა რეფორმებმა შეამცირა წვრილმანი კორუფცია, რეგულაციები, გაამარტივა გადასახადები, გახსნა ბაზრები და განავითარა ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა. მთავრობა იმედოვნებს, რომ შემდგომი რეგულირების, გადასახადებისა და კორუფციის შემცირება უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ზრდის სტიმულირებას მოახდენს.

ფულადი სტაბილურობის შენარჩუნება და ფისკალური სიჯანსაღე ხელს უწყობს მაკროეკონომიკურ მდგრადობას. მიუხედავად ამისა, ღრმა და უფრო სწრაფი ინსტიტუციონალური რეფორმები კვლავაც აუცილებელია სასამართლო დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის, რათა უზრუნველყოს დინამიური და ხანგრძლივი ეკონომიკური განვითარება", - წერია Heritage Foundation-ის ანგარიშში. 

კომენტარები