NDI-ის კვლევა

NDI: 60% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, თუმცა 94%-ს ბოლო 2 წლის განმავლობაში არ მიუმართავს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები
Wikimedia Commons

​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 18% ცუდად. 3% მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიციის საქმიანობა ძალიან ცუდია, 7%-ის აზრით კი, ძალიან კარგი. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.

ყველაზე ცუდად პოლიციის საქმიანობას თბილისში აფასებენ (28%), ხოლო ყველაზე კარგად უმცირესობათა დასახლებებსა (73%) და პატარა ქალაქებში (72%).

ამასთან, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო იმ 5%-დან, ვინც ამ პერიოდში პოლიციას მიმართა, უმეტესობა თავად იყო მსხვერპლი და რეაგირებითაც კმაყოფილია.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 41% კარგად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას, ხოლო 6% ძალიან კარგად. უწყების საქმიანობას ცუდად აფასებს 18%, 5% ძალიან ცუდად, 29%-მა კი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები