ეკა ბესელია

ბესელია: მითხრეს, რომ ვრცელდება პირადი ჩანაწერი, ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?

პარლამენტი

პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ეკა ბესელია წერს, რომ სოციალურ ქსელში პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი ვრცელდება.

დეპუტატის თქმით, ჩანაწერი წინა ხელისუფლების დროს დამზადდა, თუმცა მოქმედი ხელისუფლების პირობებში გავრცელდა და პროკურატურამ დამნაშავეებიც გამოავლინა.

"ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ. ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს", - წერს დეპუტატი.

ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ საქმის სასამართლოში გაგზავნას სწორად არ მიიჩნევდა, რადგან არ ყოფილიყო მასალის გავრცელების საფრთხე და სწორად მიაჩნდა საპროცესო გარიგება.

"მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას. რაც მიმაჩნდა სწორად ამ ვითარებაში. 
მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის. ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!!!", - წერს დეპუტატი ფეისბუქზე.

ეკა ბესელია სამართალდამცავი უწყებებისგან პასუხებს ითხოვს. დეპუტატი შს მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სუს-ის ხელმძღვანელს მიმართავს და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს.

"ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით? 
ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. 
ვის ხელში იყო ეს მასალა? ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...
აღარ გავაგრძელებ! 
ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით. 
საჯაროდ გამოავლინეთ!!!
მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა", - წერს დეპუტატი.

დღეს, დღის განმავლობაში პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები გავრცელდა. უცნობია სად და რა ფორმით გავრცელდა ფარული ჩანაწერი.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს ათ კაციანი სიის გამო მმართველ გუნდში დაპირისპირებაა. სიას ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რამდენიმე დეპუტატი ეწინააღმდეგებიან. ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებაც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ჩატარებული ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ეს არ დადასტურდა.

კომენტარები