დაპირისპირება ჭიდაობის ჩემპიონატზე

საია: გეგეშიძის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 11 იანვარს ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

საია წერს, რომ სასამართლოს მხრიდან დაპირისპირებაში მონაწილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, თამაზ (გეგა) გეგეშიძის, გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი. საია-ს განცხადებით, მოწმეთა დიდი ნაწილი სწორედ ამ პირის დაქვემდებარების ქვეშაა და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხის არსებობაა შესაძლებელი. 

ამასთან, საია იხსენებს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირების დიდი ნაწილი, მათ შორის, გეგეშიძის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ კორცხელში მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესსა და სასამართლო პროცესების მიმდინარეობას მონიტორინგს უწევდა. საია აღნიშნავს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 50-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას, რაც შესაბამისი მტკიცებულებები დასტურდებოდა, თუმცა პროკურატურამ მხოლოდ 6 ადამიანს წარუდგინა ბრალი. სწორედ ამიტომ, წერს საია, ინციდენტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების საკითხი კვლავ აქტუალურია.  

"ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი არის მტკიცებულება რომ კორცხელში მომხდარი დანაშაულები არ არის სრულყოფილად გამოძიებული. სასამართლოს განაჩენში აღწერილია დანაშაულებრივი ფაქტები, რომლების გამოძიებაც არ მომხდარა, აღწერილი ძალადობრივი ფაქტები რიგ შემთხვევაში ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ და ვინც ჩაიდინა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. კერძოდ, მოწმეები აცხადებენ რომ ხდებოდა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა და ოპერატორებს არ აძლევდნენ გადაღების შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, გამოძიებას არც სავარაუდო პოლიტიკურ მოტივსა და კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირთა მმართველი პარტიის მიერ მობილიზების კითხვებზე გაუცია პასუხები,"- წერს საია. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ძალადობრივი დანაშაულების გამოუძიებლობა ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს და ამგვარი დანაშაულების ჩადენას ახალისებს. 

"აგრეთვე, ეჭვებს აჩენს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად წარიმართოს. ამოღებულ იქნას ყველა გადარჩენილი ვიდეო მასალა, რაც შესაძლოა ასახავდეს სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს. აგრეთვე, აუცილებელია, გამოძიებულ იქნას თვითმხილველებზე შესაძლო მუქარისა და ვიდეო მტკიცებულებების განადგურების სავარაუდო ფაქტები,"- წერს საია. 

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

  • ჩაატაროს ყოველმხრივი სრული და ობიექტური გამოძიება სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით;
  • გამოიძიოს შესაძლო მტკიცებულებების განადგურებისა და სპორტის სასახლეში მყოფ თვითმხილველებზე სავარაუდო მუქარის ფაქტები;
  • გამოიძიოს ერთი წლის წინ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივნის, გოჩა ჩორგოლიანის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტი;
  • გამოიძიოს ჟურნალისტ დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტი და დაადგინოს, აქვს თუ არა კავშირი აღნიშნულ გასროლას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან;
  • გაგრძელდეს კორცხელის ინციდენტის გამოძიება და გამოვლინდეს ყველა შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირი;
  • შსს-მ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას აღნიშნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ.

ამასთან, საია მოუწოდებს შსს-ის გენერალურ ინსპექციას:

  • გამოიკვლიოს რამდენად დროული რეაგირება განხორციელდა სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
  • გამოიკვლიოს რატომ გაჭიანურდა ერთი წლის წინ გოჩა ჩორგოლიანზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება.

11 იანვარს ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზურაბ დათუნაშვილი და რობერტ კობლიაშვილი ხვდებოდნენ. დაპირისპირება, რომელიც მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა, მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყა. ჩხუბში სპორტსმენები და ფედერაციის წარმოამდგენლები ჩაერთნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ 11 იანვრის ჩხუბს 126-ე, ძალადობის, მუხლით იძიებენ, კონფლიქტში მონაწილე პირების ვინაობა დადგენილია და მათ სასამართლო წესით გამოკითხავენ, რადგან პოლიციისთვის ნებაყოფლობით ინფორმაციის მიწოდებაზე უარი თქვეს.

გეგა გეგეშიძის მიმართ ეს პირველი პრეტენზია არ არის. ამასთან, მისი სახელი დაკავშირებულია 2016 წლის 22 მაისს შუალედური არჩევნებისას სოფელ კორცხელში მომხდარ ძალადობასთან, როდესაც ოპოზიციის წევრებს სცემეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამბობდა, რომ სწორედ ის ახდენდა სპორტსმენებისგან შემდგარი "ზონდერ-ჯგუფების" წევრების რეკრუტირებას. გეგეშიძე შს ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. კორცხელის ინციდენტში უშუალოდ მონაწილეობდა ფედერაციის პრეზიდენტის ძმა ვლადიმერ გეგეშიძე.

კომენტარები