აშშ-ვენესუელა

აშშ-მა ვენესუელის სახელმწიფოს კუთვნილ ნავთობკომპანიას სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
ჯონ ბოლტონი ფოტო: Reuters

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით სანქციების მიზანია გამოიყვანოს ქვეყანა სიღარიბიდან და ჰუმანიტარული კრიზისიდან და შეაჩეროს მადუროს და მისი გარემოცვის მიერ ვენესუელელი ხალხის რესურსების მიტაცება. მისივე თქმით ეს ირანისა და კუბასგან მომდინარე საფრთხის დასაბალანსებლად გადადგმული ნაბიჯიცაა:

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვენესუელაში სტაბილურობა და დემოკრატია ახლა პირდაპირ შედის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში. ჩავესის და მადუროს ავტორიტარული რეჟიმები ხელს უწყობდნენ აშშ-სადმი მტრულად განწყობილ ქვეყნებს, მათ შორის კუბას. ზოგიერთი ქვეყანას "კუბაზუელასაც" კი უწოდებს და ამით ხაზს უსვამს მადუროს რეჟიმზე კუბას სამხედრო და უსაფრთხოების ძალების გავლენას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აშშ-სათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საფრთხეა და ამას გარდა არიან სხვებიც. მათ შორის ირანის ინტერესი ვენესუელაში არსებული ურანისადმი." თქვა მან. 

სანქციების ფარგლებში კომპანიის 7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული აქტივები დაუყოვნებლივ გაიყინება, ხოლო მომდევნო წლის მანძილზე სანქციების პირობებში კომპანია დაახლოებით 11 მილიარდ აშშ დოლარამდე ზარალს ნახავს.

პრესკონფერენციის დროს ბოლტონს ხელში ფურცელი ეჭირა, რომელზეც იკითხებოდა "5,000 ჯარისკაცი კოლუმბიაში". ჟურნალისტების კითხვაზე განიხილავს თუ არა აშშ ვენესეულის კრიზისში სამხედრო ძალების ჩარევას მან თქვა, რომ ყველა შესაძლებლობა განიხილება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სანქციებით იმ პირების დასჯა სურთ, ვინ ვენესუელის "ტრაგიკულ დეგრადაციაშია" დამნაშავე და ასევე მათ მიზანს ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს ხელშეწყობა წარმოადგენს.

"ჰუმანიტარული კრიზისი იმ ქვეყანაში, რომელიც ბუნებრივი რესურსებით ასე მდიდარია ნამდვილი ტრაგედიაა." თქვა მნუჩინმა.

ნიკოლას მადურომ სატელევიზიო გამოსვლაში აშშ-ის ქმედება დაგმო და ტრამპის ადმინისტრაციას არაკომპეტენტური და აგრესიული უწოდა:

"თეთრი სახლი ექსტრემისტებმა ჩაიგდეს ხელში. ნებისმიერ ძალადობაზე, რაც ვენესუელაში მოხდება დონალდ ტრამპს ვაკისრებს პასუხისმგებლობას. ეს თქვენ იქნებით პასუხისმგებელი, სენიორ პრეზიდენტო, ვენესუელაში რეჟიმის შეცვლის პოლიტიკისათვის და იმ სისხლისღვრისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს ამას. ხელები სისხლში გექნებათ გასვრილი თუ ვენესუელას ძალადობისაკენ უბიძგებთ. " თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარების გამო ვენესუელამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, თუმცა ვადის გასვლამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გაუქმდებოდა და 30-დღიან ვადაში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაიმართებოდა.

ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ქვეყანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები