საატესტატო გამოცდები

ბათუმში მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით აქციას მართავენ

აჭარის ტელევიზია

ბათუმში მე-12 კლასელების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. ისინი საატესტატო გამოცდების მათთვისაც გაუქმებას ითხოვენ. 

აქცია ევროპის მოედანზე იმართება. 

მოსწავლეების თქმით, მათ მე-11 კლასში უკვე ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და თუ წელს მე-11 კლასელებისთვის გამოცდები უქმდება, სამართლიანი იქნება, ცვლილება მათაც შეეხოს. 

მოსწავლეებს ხელში უჭირავთ პოსტერები წარწერებით: 

"სამინისტროში ოროსნები არიან", "სამართალი სახლში დაგრჩათ?'', "ძირს უსამართლო სისტემა". 


ფოტო: აჭარის ტელევიზია

"ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ, რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის" - უთხრა აჭარის ტელევიზიას ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ.

მაუწყებლის ცნობით, საპროტესტო აქცია 15 საათზეც არის დაგეგმილი, რომელიც მოსწავლეების თქმით, უფრო მასშტაბური იქნება. 

წელს მე-11 კლასში, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები მოიხსნება

კომენტარები