huawei

აშშ Huawei-ს ირანის სანქციების დარღვევაში და ტექნოლოგიების მოპარვაში ადანაშაულებს

Huawei
AFP

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს და მისი დამფუძნებლის ქალიშვილსა და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერის, მენგ უანჟოუს ირანისათვის დაწესებული სანქციების დარღვევაში და T-Mobile-ისაგან ტექნოლოგიების მოპარვაში დასდო ბრალი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადების მიხედვით მათ მოიპოვეს 2013 წლით დათარიღებული იმეილები, რომელშიც კომპანია თანამშრომლებს ბონუსებს ჰპირდებოდა, თუ სხვა კომპანიებისაგან ღირებულ ინფორმაციას მოიპარავდნენ. მას შემდეგ, რაც კომპანიის რამდენიმე ინჟინერი რობოტ "Tappy"-სათვის მალულად სურათების გადაუღების და მისი ნაწილების მოპარვისთვის დაიჭირეს, კომპანიამ მათთან კავშირი უარყო.

სამართალდარღვევების დამტკიცების შემთხვევაში კომპანიას მოპარული ინფორმაციის ღირებულებაზე სამჯერ მეტის გადახდა მოუწევს.

ჩინეთი აშშ-ის ბრალდებებს გამოეხმაურა და "უსამართლო და ამორალური" უწოდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

"მოვუწოდებთ აშშ-ს შეწყვიტოს ჩინური კომპანიების, მათ შორის Huawei-ს დაუსაბუთებელი შევიწროება და ჩინურ კომპანიებს სამართლიანად მოექცეს." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში კანადაში Huawei-ს დამფუძნებლის ქალიშვილი და კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცერი, მენგ უანჟოუ დააპატიმრეს. უახლოეს მომავალში აშშ მის ექსტრადიციას მოითხოვს.

ამერიკელი კანონმდებლების თქმით კომპანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემცველია და შესაძლოა, მათ ტექნოლოგიებს ჩინეთის მთავრობა ჯაშუშობისათვის იყენებს.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მთავრობის კონტროლის ქვეშ არ არიან, თუმცა დიდი ბრიტანეთის და ახალი ზელანდიის მთავრობებმა ტელეკომუნიკაციებისათვის Huawei-ს და ZTE-ს ტექნიკის გამოყენება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე უკვე აკრძალა.

მიმდინარე თვის დასაწყისში პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე, ქვეყანაში ჩინური ტელეკომუნიკაციების ფირმის, Huawei-ს გაყიდვების დირექტორი დააკავეს.

კომენტარები