ფარული ჩანაწერები

ომბუდსმენი ჩანაწერებზე: ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია

ტაბულა

პოლიტიკოსი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებას სახალხო დამცველი ეხმაურება. ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ კადრების გავრცელება სისტემური იარაღია ქალების წინააღმდეგ და მნიშვნელოვანია გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს.

"პოლიტიკოს ქალზე კიდევ ერთი თავდასხმა, დისკრედიტაციის მცდელობაა და სისტემური იარაღი ქალების წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ სახელმწიფოში ქალ საჯარო პირებს მოღვაწეობა უწევთ. შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით იქცა სისტემურ პრობლემად, ამის საპასუხოდ კი მხოლოდ მიმდინარე გამოძიებები გვაქვს, რომლის შესახებაც საზოგადოება სათანადო ინფორმაციასაც ვერ იღებს. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ეს დანაშაული გენდერულად მოტივირებულია და მიმართულია ძირითადად ქალი პოლიტიკოსებისკენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ხაზი გაუსვას დანაშაულის დისკრიმინაციულ მოტივს, რათა სათანადო პასუხი გაეცეს ამგვარი დანაშაულის ჩამდენ პირებს, და მომავალში, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება პოლიტიკურ სისტემაში ქალთა დისკრიმინაციისა და ჩაგვრის იარაღი არ გახდეს." - წერია განცხადებაში. 

გუშინ ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმა და ამჟამად პატრიოტთა ალიანსის წევრმა დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება. მან ეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა. კადრების შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა თავად დეპუტატი ეკა ბესელიაც, მის მიერ გავრცელებულ განცადებაში, სადც ქართულ ოცნებას მიმართავს წერია: "კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად, მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს "გუნდში"... შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი..."

კომენტარები