უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

საპატრიარქო: უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით 2 მხარე გამოიკვეთა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე საქართველოში ორი მხარე გამოიკვეთა, რომლებიც საკუთარი პოზიციის მართებულობის დაცვას შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობენ. 

საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, ერთმანეთის მიმართ კორექტულნი იყვნენ. 

"უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც, პირველ რიგში, მთქმელს აყენებს ჩრდილს.

უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს.

ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას.

ჩვენი მცდელობა, – ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს (ბრძანებას) კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 

საქართველოს საპატრიარქოს უკრაინისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არ გამოუხატავს. 

ზოგიერთი მღვდელმთავარი გამოხატავს თავის პირად პოზიციას და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. თუმცა, წმიდა სინოდის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის ტომოსის (ბრძანების) წაკითხვის შემდეგ მიიღებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები