უზენაესი სასამართლო

გვრიტიშვილი: არნახული წნეხი განხორციელდა, შეიძლება აღარც მოვინდომოთ კანდიდატობა

რუსთავი 2

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე არნახული წნეხი განხორციელდა, რის გამოც შესაძლოა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თავადაც თქვან. 

"შეიძლება ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა", - თქვა გვრიტიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. 

"ხშირად გვდებენ ბრალს მე და ჩემს კოლეგებს, რომ ის 10-კაციანი სია ისევ მიტრიალდება უკან და არაფერი არ შეიცვლება. მე გარწმუნებთ, რომ მე ხომ კოლეგებთან მაქვს ურთიერთობა, იმხელა წნეხი განხორციელდა ჩვენზე და ამ კანდიდატებზე, რომ შეიძლება, ჩვენ აღარც მოვინდომოთ ეს კანდიდატობა იმიტომ, რომ ეს იყო არნახული წნეხი, არნახული დისკრედიტაციის პროცესი ჩვენ მიმართ განხორციელებული", - თქვა მან. 

მისივე თქმით, კანდიდატურების მოხსნის თაობაზე მოსამართლეების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ მათი შერჩევის პროცესი ხარვეზებით წარიმართა.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მათი ნომინირების დროს კანონი არ დაურღვევია და კანდიდატურების მოხსნის გადაწყვეტილება სასამართლოს პრესტიჟის დასაცავად გადადგეს. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

24-25 იანვარს ქართულ ოცნებაში კონსულტაციები გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც პარტიის წევრებმა თქვეს, რომ პარლამენტი ყველა კანდიდატს სათითაოდ განიხილავს და მათ კენჭს ინდივიდუალურად უყრის და არა ერთიანად. ასევე, ეკა ბესელიას თქმით, სასურველია, თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე რამდენიმე მოსამართლის კანდიდატურა განიხილებოდეს  და კანდიდატების სია "გრძელი იყოს". 

კომენტარები