ვენესუელა

ვენესუელის სასამართლომ გუაიდოს ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ხუან გუაიდო
Reuters

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

გუაიდომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა:

"ჩვენ აქ ვართ და გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ კრიზისთან ბრძოლას."

მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასულ ორშაბათს დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

გუშინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

კომენტარები