ვენესუელა

ვენესუელის დროებითი ხელისუფლების წევრი: ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკან წავიღებთ

ვენესუელის დროებითი ხელისუფლება და გარდამავალი პრეზიდენტი მზად არის, უკან წაიღოს წინამორბედების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. 

ამის შესახებ ვენესუელის ეროვნული ასამბლეის მიერ ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციაში დანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, გუსტავო ტარემ, "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

კურიერის კორესპონდენტის კითხვაზე, წაიღებს თუ არა ვენესუელა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკან და რას ფიქრობს კარაკასი ამ ნაბიჯის შემთხვევაში მოსკოვთან ურთიერთობის გართულებაზე, ტარემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, ვენესუელა უკან წაიღებს აღიარებას. 

"რა თქმა უნდა. თქვენ არცკი უნდა დამისვათ ეს შეკითხვა. ჩვენ არ ვაპირებთ მადუროს ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ რუსეთის ფედერაციის არ გვეშინია," - უთხრა ტარემ რუსთავი 2-ს. 

ვენესუელის მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებაზე აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვენესუელაში, უილიამ ბრაუნფილდმაც, ისაუბრა. დიპლომატის თქმით, საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, დაჟინებით მოითხოვოს ვენესუელის ხელისუფლებისგან აღიარების გაუქმება. 

"საქართველოს აქვს ყველანაირი უფლება, არამხოლოდ ურჩიოს, არამედ დაჟინებით მოითხოვოს კიდეც ვენესუელის რესპუბლიკისგან იმ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება, რომელიც ისტორიულად და ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ნაწილი იყო,"- თქვა ბრაუნფილდმა. 

აშშ-ის მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარების გამო ვენესუელამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, თუმცა ვადის გასვლამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გაუქმდებოდა და 30-დღიან ვადაში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაიმართებოდა.

ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ქვეყანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები