თაფლის ტენდერი

ევროპული საქართველო: რუსეთიდან თაფლის შესყიდვა მიუღებელი და მორალურად გაუმართლებელია

პარტია ევროპულ საქართველოს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ თაფლის რუსეთიდან შესყიდვის ფაქტი, კატეგორიულად მიუღებლად და მორალურად გაუმართლებლად მიაჩნია. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეს არასწორი გზავნილია საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ.

"მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც ამ ტერიტორიებზე განახორციელა ეთნიკური წმენდა და სიცოცხლეს გამოასალმა ჩვენი მოქალაქეები, ოკუპანტი სახელმწიფოსგან რაიმე პროდუქციის შეძენა გადასახადის გადამხდელთა ფულით მითუმეტეს ჩვენი პოლიციელების და ჯარისკაცების საკვებად გამოსაყენებლად, არის არასწორი გზავნილი საქართველოს საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ამასთან, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო მარცვლეული კულტურების შესყიდვასთან ერთად და შეუმჩნეველი დარჩა თაფლის ქართველი მწარმოებლებისთვის. ასევე აღსანიშნავია რომ საქართველოს საბითუმო ბაზარზე თაფლი ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი," - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სააგენტომ, მთავრობის განკარგულებით, თაფლის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კილოგრამი თაფლის შეძენა იგეგმება

მათგან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 300სა0 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სახელმწიფოს თაფლს შპს ვ.ტ მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, პროდუქტს კომპანია აპიდეისგან შეისყიდის. აპიდეი თაფლს რუსეთში აწარმოებს. 

კომენტარები