4 წლის ბავშვის გარდაცვალება

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოც. მუშაკი დაითხოვეს, დეპარტამენტის უფროსი გადადგა

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 2 სოციალური მუშაკი და 2 უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

ამის შესახებ დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოკვლევის შედეგებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია განმარტავს, რომ გათავისუფლებულებს შორის არის ის სოციალური მუშაკიც, რომელიც 6 იანვარს გავიდა შემთხვევის ადგილზე, საავადმყოფოში და შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა.

"4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ბარკალაია ადასტურებს, რომ 4 წლის გოგოს ბიოლოგიურ ოჯახში შესაბამისი რაოდენობის ვიზიტები არ იყო. მისივე თქმით, შეცდომები იყო დაშვებული ბავშვის საქმის მართვასთან დაკავშირებით.

"რიგი ხარვეზები იყო მართვასთან დაკავშირებით დადგენილი, ისეთი, როგორიც არის მაგალითად მინდობით აღზრდიდან ბავშვის გაყვანა, ანუ ბიოლოგიური უფლებისთვის უფლების მიცემა, რომ წაეყვანათ ბავშვი. რეინტეგრაცია არ იყო საბჭოს გადაწყვეტილება და ბიოლოგიური ოჯახი დაფიქსირებული იყო როგორც დღის განმავლობაში გამყვან პირებად და არა ღამით გამყვან პირებად. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ღამე გაეყვანათ ბავშვი. ეს არის ერთერთი მაგალითი, რომელიც დაფიქსირდა ამ მოკვლევის შემთხვევაში. ვგულისხმობ 6 იანვრამდე პერიოდს", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად საკმარისია მთელი პასუხისმგებლობის სოციალურ მუშაკებზე დაკისრება და გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას სამინისტროს მაღალჩინოსნები, თამარ ბარკალაია პასუხობს, რომ თითოეული მათგანი გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას, იციან რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ამიტომაც იგეგმება რეორგანიზაცია.

დღესვე, თამარ ბარკალაიამ სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 50 სოციალური მუშაკის დამატება.

ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში 4 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ 22 იანვარს გახდა ცნობილი, თუმცა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. მედიის ნაწილი მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბავშვზე ოჯახში ფიზიკურად ძალადობდნენ და რამდენჯერმე პოლიციაც იყო გამოძახებული. ინტერპრესნიუსი ესაუბრა ბავშვის ბებიას, რომელიც ძალადობას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის გაციების შედეგად გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბავშვზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე ოჯახში პოლიცია 6 იანვარს იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 წლის გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ აცნობეს სოციალურ სამსახურს. გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ ოჯახის წევრები ბავშვის დაზიანებებს მის ჰიპერაქტიურ ქცევას უკავშირებდნენ. შსს ხაზს უსვამს, რომ ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად, დედის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოწერა, რომლის მიხედვით მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ პოლიციამ დედა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო დააკავა.

სოციალური მომსახურების სააგენტოში პირველი განმარტება 23 იანვარს გააკეთეს. უწყების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა სააგენტომ, რომ 6 იანვარს ოჯახში ბავშვზე შესაძლო ძალადობის გამო პოლიცია იყო გამოძახებული. ის ამას გამოძიების ინტერესებს უკავშირებდა.

ამავე განცხადების დროს წერეთელმა თქვა, რომ ბავშვი 3.5 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაზე იყო, რადგან დედამ მისი დაბადებისთანავე მიმართა სოციალურ სამსახურს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაცემა ითხოვა.

წერეთელი ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა მეთვალყურეობა ბავშვის განვითარებასა და ოჯახთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დედა სისტემატურად, თვეში რამდენჯერმე აკითხავდა, ჩართული იყო ბავშვის განვითარებაში და პერიოდულად, რამდენიმე დღით მიჰყავდა კიდეც. მარი წერეთლის მტკიცებით, ამდენი წლის განმავლობაში სოციალური სამსახურს არასდროს დაუფიქსირებია ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნები კონკრეტულად ამ ბავშვის და ან ოჯახში მცხოვრები სხვა არასრულწლოვნების მიმართ

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები