კიბო

ისრაელელი მეცნიერები ამბობენ, რომ ერთ წელში კიბოს სრულად განკურნების მეთოდს შექმნიან

ისრაელელი მეცნიერების გუნდი ამტკიცებს, რომ ერთი წლის ფარგლებში კიბოს სრული განკურნების სწრაფ, იაფ და ეფექტურ მეთოდს შეიმუშავებს, რომელსაც მინიმალური გვერდითი მოვლენები ექნება.  

"ჩვენ გვჯერა, რომ ერთ წელში გვექნება კიბოს სრული განკურნების მეთოდი."- ამბობს დენ არიდორი, კომპანია Accelerated Evolution Biotechnologies-ს საბჭოს თავჯდომარე.

2000 წელს დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიის მკვლევრები ამბობენ, რომ მკურნალობის მეთოდს MuTaTo ჰქვია. ისინი იყენებენ სკრინინგის პლატფორმას, SoAP-ს, რომელიც რთული სამიზნეებზე, აგონისტების, ანტაგონისტების და ინჰიბიტორების მიმაგრებას ამარტივებს. მათი თქმით, ტექნოლოგია გამოიყენებს პეპტიდების და ტოქსინების კომბინაციას კიბოს უჯრედების გასანადგურებლად. 

კომპანიის დირექტორი, დოქტორ ილან მორადი ამბობს, რომ MuTaTo პირველივე დღიდან ეფექტურია, გვერდითი ეფექტები თითქმის არ აქვს და მოქმედებს კიბოს ღეროვან უჯრედებზეც, რაც დაავადების რეციდივის შანსს აქრობს.

SoAP გულისხმობს ფაგური დისპლეის ტექნოლოგიის გამოყენებას. მეცნიერები ათავსებენ ცილის მაკოდირებელ დნმ-ს ბაქტერიოფაგში (ვირუსი, რომელიც ბაქტერიას აინფიცირებს). შემდეგ სინთეზირებული ცილა ფაგის ზედაპირზე ჩნდება. ამ ტექნოლოგიით, მეცნიერებს შეუძლიათ დაადგინონ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ აღნიშნული ცილები სხვა მოლეკულებთან, ცილებთან და დნმ-ის ფრაგმენტებთან. 

შარშან მეცნიერთა გუნდმა ნობელის პრემია ფაგური დისპლეის მეშვეობით, მიმართული ევოლუციით, ახალი ცილების სინთეზირებაში მიიღო. AEBi მსგავს რაღაცას აკეთებს, ოღონდ ცილების ნაცვლად იყენებს პეპტიდებს - ერთ ჯაჭვად დაკავშირებული რამდენიმე ამინომჟავა. მკვლევრების თქმით, პეპტიდები ანტისხეულებზე უფრო პატარა და იაფია და მათი წარმოქმნა და მართვა უფრო მარტივია. 

1920 წელს ინსულინური თერაპიის შექმნის შემდეგ პეპტიდურმა თერაპიამ მედიცინაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აშშ-ში 60-მდე პეპტიდური წამალი გამოიყენება. 

მორადის თქმით, როცა კომპანია ახალშექმნილი იყო, ის აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდნენ სხვები, ცდილობდნენ კიბოს სპეციფიკური ფორმებისთვის ახალი პეპტიდები შეემუშავებინათ. მაგრამ საბოლოოდ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რატომ არ მუშაობდა კიბოს მკურნალობის სხვა წამლები და მკურნალობის მეთოდები. 

"კიბოს საწინააღმდეგო წამლები თავს ესხმის კონკრეტულ სამიზნეს კიბოს უჯრედზე ან უჯრედის შიგნით. სამიზნის დათრგუნვას ეფექტი აქვს იმ ფიზიოლოგიურ გზაზე, რომელიც კიბოს ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, სამიზნის მუტაციას შეუძლია მკურნალობა უსარგებლო გახადოს. ამისგან განსხვავებით, MuTaTo იყენებს სამიზნე პეპტიდების კომბინაციას თითოეული კიბოს უჯრედისთვის ტოქსინთან კომბინაციაში, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს. სულ მცირე სამი სამიზნე პეპტიდის კომბინაცია ძლიერ ტოქსინთან საკმარისია, რომ მუტაციებმა მკურნალობას არ შეუშალოს ხელი. იმის ნაცვლად, რომ ერთ ჯერზე ერთი რეცეპტორი გავანადგუროთ, ერთ ჯერზე სამ რეცეპტორს ვანადგურებთ. ერთდროულად სამი რეცეპტორის მუტაცია კიბოსაც არ შეუძლია." - განაცხადა მორადმა The Jerusalem Post-თან ინტერვიუში.  

The Jerusalem Post-ის სტატიაში მკვლევრები ამბობენ, რომ კიბოს უჯრედები ააქტიურებენ დეტოქსიფიკაციის მექანიზმებს მაშინ, როცა წამლებისგან სტრესში არიან, რაც უჯრედიდან განდევნის წამალს ან უფუნქციოს ხდის მას. მორადის თქმით, დეტოქსიფიკაციას დრო სჭირდება და მისი გუნდი ისეთ ტოქსინს ქმნის, რომელიც მოკლავს კიბოს უჯრედს მანამ, სანამ დეტოქსიფიკაცია დაიწყება. 

კიბოს მკურნალობის ბევრი მეთოდი სწრაფად მზარდ უჯრედებს ანადგურებს. მაგრამ კიბოს ღეროვანი უჯრედები სწრაფად არ იზრდება და მათ მიმართ მკურნალობა არაფექტურია და როცა მკურნალობა მთავრდება, მათ ხელახლა შეუძლიათ კიბოს წარმოქმნა. თუ მკურნალობა კიბოს ბოლომდე არ ანადგურებს, დარჩენილი უჯრედები კვლავ იწყებენ მუტაციებს, შემდეგ კიბო ბრუნდება, მაგრამ ამჯერად წამლისადმი რეზისტენტული. მკვლევრების თქმით MuTaTo-ს მრავალსამიზნიანი მეთოდი უზრუნველყოფს კიბოს ღეროვანი უჯრედების განადგურებასაც. 

ზოგიერთ კიბოს შეუძლია ჩამოაყალიბოს დამცავი გარსი, რომელიც ხელს უშლის დიდ მოლეკულების მასში შეღწევას. "MuTaTo-ს შეუძლია შეაღწიოს ადგილებში, სადაც სხვა მოლეკულები ვერ აღწევენ" ამბობს მორადი. MuTaTo-ს პეპტიდის ნაწილები ძალიან პატარაა (12 ამინომჟავის სიგრძის) და არ აქვს მყარი სტრუქტურა. მორადის და AEBi-ს შესაძლო აღმოჩენამ ასევე უნდა შეამციროს კიბოს მკურნალობის გვერდითი მოვლენებიც, რომლებსაც იწვევს ის, რომ მკურნალობა არასწორ სამიზნეებზე და ჯანმრთელ უჯრედებზეც მოქმედებს. 

მორადმა MuTaTo შეადარა სამი წამლის შემცველ კოქტეილს, რომელმაც შიდსი "სიკვდილის ავტომატური განაჩენიდან ქრონიკულ, მაგრამ მართვად დაავადებად გარდაქმნა." დღეს შიდსით დაავადებული ადამიანები დაავადების მატარებლები არიან, მაგრამ ავად აღარ არიან. ამის მიზეზი იმ წამლების კომბინაცია, რომელსაც პაციენტები იღებენ. 

მორადის თქმით, Mutato ინდივიდუალურად ცალკეულ პაციენტზე მორგებული იქნება. პაციენტებს ჩაუტარდებათ ბიოფსია, ლაბორატორიულად შემოწმდება რომელი რეცეპტორებია ჭარბად გამოხატული და შემდეგ ინდივიდი მიიღებს ზუსტად იმ მოლეკულების კოქტეილს, რომელიც მისი დაავადების სამკურნალოდაა საჭირო. 

განსხვავებით აივ და შიდსისგან განსხვავებით, სადაც პაციენტებმა კოქტეილი მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ MuTaTo კიბოს უჯრედებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მოკლავს. არიდორის თქმით, AEBi პატენტების წერის პროცესშია და თაგვებზე ექსპერიმენტები დასრულებულია. 

თუმცა, პერლმუთერის კიბოს კვლევის ცენტრის დირექტორი, დოქტორ ბენ ნილი ამბობს, რომ ეს მორიგი უპასუხისმგებლო და ყალბი დაპირებაა. 

"ცხადია, კიბოს განკურნება ყველას უნდა, ვინც კიბოს ცენტრში მუშაობს. თუ ეს კომპანია მართლა განკურნავს კიბოს, მე მათ მივულოცავ და მადლობას გადავუხდი. მაგრამ კიბო მრავალი დაავადება და იმის ალბათობა, რომ მათ კიბოს ერთი მკურნალობა იპოვეს ისეთივეა, როგორიც ყველა ინფექციური დაავადებისთვის ერთი მკურნალობის აღმოჩენა." - ამბობს ის.

მკურნალობა ადამიანებში შემოწმებული არ არის, თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა თაგვებში და კლინიკური კვლევები მალე დაიწყება.

კომენტარები