ვენესუელა

ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო

ხუან გუაიდო
Reuters

ევროპარლამენტმა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ცნო. რეზოლუცია ევროპარლამენტის წევრებს პრეზიდენტად გუაიდოს აღიარებას არ ავალდებულებს, თუმცა ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას ამისაკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასულ ორშაბათს დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

კომენტარები