დონალდ ტრამპი

ტრამპი: მე გავაგრძელებ კედლის მშენებლობას და ჩვენ ამ კედელს დავასრულებთ

The Hill

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობაზე კონგრესში მოლაპარაკებები "დროის ფუჭად კარგვაა". ასევე, მისი თქმით ადვოკატები არწმუნებენ, რომ რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიების სამიზნე თავად არ არის.

"მე გავაგრძელებ კედლის მშენებლობას და ჩვენ ამ კედელს დავასრულებთ... აქამდე ნენსი პელოსისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება. მისი საქმიანობა ქვეყნისათვის საზიანოა.

როდ როზენსტინმა [გენერალური პროკურორის მოადგილე] ადვოკატებს უთხრა, რომ მე არ ვარ გამოძიების სამიზნე." თქვა მან.

ტრამპმა ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ეს სამსახური უყვარს, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის პერიოდში დიდი ოდენობით თანხა დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მიწვევით 5 თებერვალს ტრამპი კონგრესში ყოველწლიური მოხსენებისათვის მივა.

გასულ კვირას ტრამპი მთავრობის გახსნას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 3 კვირით, 15 თებერვლამდე. მან ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სასაზღვრო კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავს.

სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან მათ კავშირს იძიებს.

გამოძიებასთან თანამშრომლობენ ტრამპის ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი, ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი და ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. კოენს და მანაფორტს სხვა კანონდარღვევების გამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ტრამპის ყოფილი პარტნიორი როჯერ სტოუნიც.

კომენტარები