ქართველების დეპორტაციის საქმე

რუსი დეპუტატი: სტრასბურგის გადაწყვეტილება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს სამართალს

რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ზედა პალატის წევრი ანდრეი კლიშასი რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

კლიშასი რია ნოვოსტისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათისაა და, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს რუსეთის კონსტიტუციას. 

კლიშასი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შემუშავებულია სპეციალური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, არ იყოს აღსრულებადი რუსეთის ტერიტორიაზე. 

"მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მექანიზმი უკვე არაერთხელ გამოგვიყენებია," - ამბობს დეპუტატი. 

მანვე დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეტალურად გააანალიზებენ. 

გუშინ, 31 იანვარს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 16-მა მოსამართლემ 1-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციას 10 000 000 ევროს გადახდა დაეკისრა იმ 1 500 ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში დააკავეს, დააპატიმრეს და ქვეყნიდან გამოაძევეს. 

წაიკითხეთ ასევე - რა მოხდება, თუ რუსეთი დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს

კომენტარები