ვენესუელა

გუაიდო რუსეთს, ჩინეთს: მადურო არ იცავს ვენესუელას და არ იცავს არავის ინვესტიციებს

ხუან გუაიდო / ნიკოლას მადურო
AFP

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებს, რუსეთს და ჩინეთს მიმართა და მადუროს ნაცვლად მისი მხარდაჭერისაკენ მოუწოდა:

"რუსეთისა და ჩინეთისათვის ყველაზე ხელსაყრელია ქვეყანაში სტაბილურობა და მთავრობის ცვლილება. მადურო არ იცავს ვენესუელას და არ იცავს არავის ინვესტიციებს, ის ამ ქვეყნებისათვის ხელსაყრელი არ არის." თქვა მან.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ორივე მხარესთან აქვთ კომუნიკაცია.

"ჩვენ გვჯერა, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს სიტუაცია, ჩინეთსა და ვენესუელას შორის თანამშრომლობა არ დაზარალდება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია, კუბა, მექსიკა და ბოლივია უჭერენ.

ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

ნიკოლას მადურომ რუსულ სახელმწიფო მედია RIA Novosti-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისათვის მზადაა. გუაიდო მადუროს დიქტატორს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი არჩევნების დასანიშნად.

მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გასულ ორშაბათს დაიწყო და ქუჩაში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. მას შემდეგ 40-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ხოლო პოლიციამ 850-ზე მეტი დააკავა, მათ შორის 77 არასრულწლოვანი.

ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ნავთობკომპანიას PDVSA-ს სანქციები დაუწესა. სანქციების ფარგლებში კომპანიის 7 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული აქტივები დაუყოვნებლივ გაიყინება, ხოლო მომდევნო წლის მანძილზე სანქციების პირობებში კომპანია დაახლოებით 11 მილიარდ აშშ დოლარამდე ზარალს ნახავს.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

გაეროს ინფორმაციით 2015 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

კომენტარები