გამოხატვის თავისუფლება

მშვენიერაძე: გეგმავენ, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელს დააკისრონ

0 კომენტარი

სალომე ზურაბიშვილის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საუბარი ე.წ ცილისწამების შესახებ კანონს შეეხებოდა. 

GDI-ის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ამ შეხვედრაზე ცხადი გახდა მმართველი გუნდის მიზანი - შეზღუდოს გამოხაატვის თავისუფლება. 

კერძოდ, ხელისუფლება გეგმავს, ცილისწამების დავების დროს მტკიცების ტვირთი შეცვალოს და ის ინფორმაციის გამავრცელებელს დაეკისროს. 

"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჟურნალისტი გააკეთებს სიუჟეტს, სადაც იტყვის რომ მინისტრმა ქრთამი აიღო, სწორედ ჟურნალისტი იქნება პასუხისმგებელი დაამტკიცოს ეს ფაქტი და თუ ვერ დაამტკიცებს, ჟურნალისტი (და მისი დამსაქმებელი) აგებენ პასუხს.

ეს იქნება ძალიან ცუდი, იქნება დამაზიანებელი ზოგადად ჟურნალისტური საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მხოლოდ იდეებია და არ მიეცემათ განხორციელების საშუალება", - ამბობს მშვენიერაძე. 

ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას ისაუბრა. მან თქვა, რომ "ყველა გამოცდას თან ახლავს ცხოვრებისეული გაკვეთილი. იმისათვის, რომ ხვალ ვინც ამ გზას დაადგება, აღარ შეეხოს შეურაცხყოფა, ცილისწამება, სიძულვილის ენა, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ კანონით ერთდროულად სიტყვის თავისუფლებაც და ადამიანის ღირსებაც, ისე, როგორც ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. ასევე, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ თავი ცრუ ინფორმაციებისა და დეზინფორმაციისაგან, რათა საზოგადოებამ დაიბრუნოს სიმშვიდე და საფრთხე არ შეექმნას დემოკრატიას".

ასევე, საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ილია მეორემ მიუთითა: 

არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც". ილია მეორის აზრით, სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, "მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა". პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში წერია, რომ "დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს". 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "სიტყვით ძალადობა, ცილისწამება, სიცრუე და ბილწსიტყვაობა ძალიან სერიოზული პრობლემაა". 

ამ განცხადებების გამო არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესება დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები