ფარული ჩანაწერები

ომბუდსმენი: მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავეთ ჩანაწერების გავრცელებისგან

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი, ქართული ოცნების დეპუტატის, ეკა ბესელიას, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 16 პირის დაკავებას გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, განახორციელონ საგამოძიებო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორების დასადგენად.

"იმისთვის, რათა არ მოხდეს მრავალი პირის პასუხისგებაში მიცემა და დაცული იქნას მათი უფლებები, სახალხო დამცველს საჭიროდ მიაჩნია შეახსენოს საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 157-1 და 158-ე მუხლებით აკრძალულია პირადი ცხოვრებისა და კერძო შინაარსის კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მობილური ტელეფონით ან სხვა ონლაინ საშუალებით) უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ
მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით.

აქვე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორთა დასადგენად. ამავდროულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ
დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებიც.

კომენტარები