1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება

აშშ-ის შემდეგ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას რუსეთიც ტოვებს

0 კომენტარი
ფოტო: ALEXEY NIKOLSKY / KREMLIN

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაცია შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს. რუსეთის ამ გადაწყვეტილებას წინ აშშ-ის მიერ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განცხადება უძღოდა. 

პუტინის თქმით, რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სარკისებრი პასუხია. 

"ჩვენ შემდეგნაირად მოვიქცევით, ჩვენი პასუხი იქნება სარკისებრი. ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტენ და ჩვენც ასე მოვიქცევით," - თქვა პუტინმა რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვთან, შეხვედრაზე. 

გუშინ, 1 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვებას 2 თებერვლიდან დაიწყებს და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. 

ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღო. მათი თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით აშშ-ის წარმომადგენლები შეხვედრაზე უკვე მომზადებული პოზიციით ჩავიდნენ და რაკეტების განადგურების ულტიმატუმი წამოუყენეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მიაჩნია, რომ რუსეთი ცივი ომის დოინდელ, 1987 წლის შეთანხმებას არღვევს და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

დონალ ტრამპის ადმინისტრაციამ ოქტომბერში განაცხადა, რომ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების შეთანხმებას დატოვებს, თუმცა გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა გადადო, რათა მოლაპარაკებები გამართულიყო.

გასულ დეკემბერს ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთს 60 დღე მისცა იმისათვის, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულება დაეწყო.

ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმებას დატოვებს და ახალი რაკეტების შექმნას დაიწყებს, რუსეთიც იმავეს გააკეთებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები